
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 2 აპრილს პირველი კომენტარი გააკეთა საქართველოსთან დაკავშირებით.
„აშშ-მა ნათლად დააფიქსირა ის ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც საქართველოს მთავრობას შეუძლია, რათა აჩვენოს, რომ სერიოზულად არის განწყობილი აშშ-თან ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის“, – აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტში.
ინფორმაციას ავრცელებს გამოცემა globalnews.ge, რომლის ჟურნალისტმა რუსა შელიამ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერს ტემი ბრიუსს 28 მარტს სახელმწიფო დეპარტამენტის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე ჰკითხა საქართველოს შესახებ, თუმცა მაშინ პასუხი ვერ მიიღო.
„მინდა, რომ ამაზე გიპასუხოთ. ამ კითხვას მოვინიშნავთ და მოგვიანებით დაგიბრუნდებით,“ – უპასუხა მაშინ ტემი ბრიუსმა.
ტემი ბრიუსისათვის ბრიფინგზე დასმული შეკითხვა ასეთი იყო:
„გქონდათ თუ არა რაიმე კომუნიკაცია საქართველოში მმართველ პარტიასთან? და თუ ასეა, შეგიძლიათ გაგვიზიაროთ, რა ტიპის კომუნიკაცია არსებობს ახლა თქვენ შორის? როგორც იცით, საქართველოში ძალიან მძიმე ვითარებაა, ქართველი ხალხი და საერთაშორისო საზოგადოება არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. დაკავებულები არიან აქციების მშვიდობიანი მონაწილეები, ასევე, ამჟამად ციხეში დამოუკიდებელი ჟურნალისტი იმყოფება. სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით, როგორია თქვენი ხედვა საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით?“
დღეს, 2 აპრილს გამოცემა ავრცელებს სახელმწიფო დეპარტამენტისგან მიღებულ წერილობით პასუხს.
„რაც შეეხება „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ განხორციელებულ განგრძობით ანტიდემოკრატიულ ქმედებებს – როგორც ვიცე-პრეზიდენტმა [ჯეი დი] ვენსმა მიუნხენში აღნიშნა, დემოკრატიული მანდატის მოპოვება ვერ მოხდება მოწინააღმდეგეების ცენზურით ან ციხეში ჩასმით, ასევე ვერ მოიპოვებთ მას, ძირითადი ელექტორატის პოზიციის უგულებელყოფით, თუ ვინ უნდა გახდეს ჩვენი საერთო საზოგადოების ნაწილი.
შეერთებული შტატები, 33 წლის განმავლობაში, საქართველოსა და ქართველი ხალხის პარტნიორია და ამ ხნის განმავლობაში ძლიერი მხარდამჭერი საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში. ჩვენ განვაგრძობთ ჩვენი მიდგომის შეფასებას საქართველოს მიმართ ამერიკული ინტერესების წინსვლისთვის,“ – ამბობენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში.
ცნობისთვის, 2025 წლის 15 მარტს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რობინ დანიგანი საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს საგარეო უწყებაში შეხვდა.
საელჩოს ცნობით, ელჩმა მაკა ბოჭორიშვილს „გააცნო პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტები, ასევე, ის ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს შეუძლია გადადგას, რათა აჩვენოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესებისადმი სერიოზული დამოკიდებულება.“
შეგახსენებთ, რომ ტრამპის არჩევის შემდეგ, ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართა.