აუქმებს თუ არა რუბიოს უწყება კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში უფროსი მრჩევლის თანამდებობას

საგარეო პოლიტიკა

აუქმებს თუ არა სახელმწფიო დეპარტამენტი კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში უფროს მრჩევლის პოზიციას. ამ შეკითხვით მივმართეთ მარკო რუბიოს უწყებას, რის შედეგადაც შემდეგი პასუხი მივიღეთ.

“მდივანმა რუბიომ გამოაცხადა რეორგანიზაციის გეგმა, რომელიც დეპარტამენტს 21-ე საუკუნეში შეიყვანს. ეს მიდგომა გააძლიერებს დეპარტამენტს ძირიდან, ბიუროებიდან საელჩოებამდე. რეგიონების მიხედვით განსაზღვრული ფუნქციები გაერთიანდება მათი ქმედუნარიანობის გაზრდით, გაუქმდება არასაჭირო ოფისები.  აღარ იარსებებს პროგრამები, რომლებიც არ არის მოთხოვნილი კანონმდებლობით და ამერიკის ძირითადი ეროვნული ინტერესების შეუსაბამოა.

ბევრი იმ უწყებებიდან, რომელთა გაუქმებსაც ვგეგმავთ, თავდაპირველად, კონკრეტული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად შეიქმნა. მაგრამ მსოფლიო შეიცვალა.

როდესაც სრულად გადავხედეთ დეპარტამენტის სტრუქტურას, დავინახეთ, რომ ამ ოფისების ნაწილი მოძველებულ მიზანს ემსახურებოდა, ზოგიერთი კი, საერთოდ დაშორდა თავის თავდაპირველ მიზანს ან დუბლირებას წარმოადგენდა.

ზოგი ოფისი ერთი კონკრეტული ინდივიდისთვის იყო შექმნილი, რაც გადასახადის გადამხდელთა თანხების არამიზნობრივი ხარჯვის მკაფიო მაგალითს წარმოადგენს. ამ ოფისებიდან, კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფუნქციები/პერსონალი შენარჩუნდება და დეპარტამენტის სხვა ნაწილში ინტეგრირდება,“ წერია სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის წერილობით კომენტარში.

კონტექსტი

მარკო რუბიომ სახელმწიფო დეპარტამენტის „ყოვლისმომცველი რეორგანიზაციის გეგმა“ აპრილში გამოაცხადა. დეპარტამენტი ცვლილებებს „მეთოდურად“ მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში გეგმავს.

ლუის ბონომ, რომელიც კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი მრჩეველი იყო, 20 იანვრიდან, ევროპისა და ევრაზიის საკითხების ბიუროში გადაინაცვლა.

ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა უფროს მრჩევლად, ლუის ბონო 2023 წლის თებერვალში დანიშნა.
ბონო მანამდე ასევე მუშაობდა სახელმწიფო მდივნის თანაშემწედ და მოადგილედ ეკონომიკურ და ბიზნესსაკითხებში.

“მისი დანიშვნა ადასტურებს მნიშვნელობას, რომელსაც შეერთებული შტატები ანიჭებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების როლს, ეს არის ერთადერთი საერთაშორისო ფორმატი, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციას ეხება,“ – აცხადებდა ბლინკენი.

მსგავსი სტატიები

NATO: სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანასთან პარტნიორობას კვლავ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ

NATO-ს ისტორიაში პირველად, სამხედრო ალიანსის დივიზიას თურქი გენერალი უხელმძღვანელებს

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *