კასპია-შავი ზღვა-ევროკავშირის დერეფანი: „მსხვილი პროექტი“ დაანონსდა

ყაზახეთი, უზბეკეთთან და აზერბაიჯანთან ერთად იწყებს მუშაობას ფართომასშტაბიან პროექტზე, რომ ააშენოს მწვანე ენერგიის გადამცემი ხაზი კასპიის ზღვის გავლით ევროკავშირის ბაზარზე, განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ევროკავშირი-ცენტრალური აზიის სამიტზე. მან აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა რჩება ევროპისთვის ნახშირწყალბადების საიმედო მიმწოდებლად.

„ჩვენს ქვეყანას უკავია ევროკავშირის ყველა ნავთობის იმპორტის დაახლოებით 13%, რომლის უმეტესი ნაწილი გადის კასპიის მილსადენის კონსორციუმზე (CPC). ჩვენ ძალიან ვაფასებთ ევროკავშირის მხარდაჭერას, რომელიც მიმართულია ამ კონსორციუმის სტაბილური და გრძელვადიანი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, ნედლეულის ტრანსპორტირების ალტერნატიული მარშრუტების შემუშავებისას,“ – აღნიშნა თოყაევმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყაზახეთი ახორციელებს მნიშვნელოვან პროექტებს განახლებადი ენერგიისა და ეკოლოგიურად სუფთა საწვავში, ქარისა და მზის ენერგიის სიმძლავრის გაზრდაში.

ყაზახეთის ლიდერის თქმით, ქვეყანა ევროკავშირის ეკონომიკისთვის საჭირო 34 ტიპის ნედლეულიდან 19-ს აწარმოებს, მათ შორისაა ურანი, ტიტანი, სპილენძი, ლითიუმი, კობალტი, ვოლფრამი და სხვა.

„როგორც EBRD-თან შეთანხმების ნაწილი, ჩვენ ასევე ჩართული ვართ გეოლოგიური ძიების ერთობლივი პროექტების განხორციელებაში და მოწინავე და მდგრადი პრაქტიკის დანერგვაში სამთო მრეწველობაში. ყაზახეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებს სუფთა ენერგიის წარმოებაში და უზრუნველყოფს გლობალური ბირთვული საწვავის მიწოდების დაახლოებით 40%-ს,” – აღნიშნა თოყაევმა.

ამდენად, ყაზახეთი, აზერბაიჯანი და უზბეკეთი იწყებენ მსხვილ პროექტს ევროპისთვის მწვანე ენერგიის მიწოდების მიზნით, კასპია-შავი ზღვა-ევროკავშირის დერეფნის გავლით. 

ცნობისთვის, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და უზბეკეთის ენერგეტიკის სამინისტროებს, აზიის განვითარების ბანკსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი ბაქოში, სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მე-11 მინისტერიალზე და მწვანე ენერგეტიკის მრჩეველთა საბჭოს მე-3 მინისტრთა შეხვედრაზე მოეწერა. ეს მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას აზერბაიჯანს, ყაზახეთსა და უზბეკეთს შორის – „კასპიის მწვანე ენერგიის დერეფნის“ პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის პირველი ეტაპის მხარდასაჭერად.

შეგახსენებთ, კასპია-შავი ზღვის სატრანსპორტო მარშრუტი, რომელიც მოიცავს რუმინეთს, საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქმენეთს, მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს რეგიონს. ეს მარშრუტი აძლიერებს ვაჭრობას ევროპასა და აზიას შორის, რაც ხელს უწყობს საქონლის გადაადგილებას შავ ზღვასა და კასპიის ზღვას შორის საზღვაო, სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტის კომბინაციით. ტრანსპორტირების ხარჯების მოსალოდნელი შემცირება და მიწოდების დრო დერეფანს უფრო ეფექტიანს და ეკონომიურს გახდის. შავი ზღვა-კასპიის ზღვის საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის ინიცირება 2018 წელს მოხდა. 2018 წლის 24-25 ოქტომბერს აშხაბადში კასპიის ზღვა-შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფნის თაობაზე ექსპერტთა შეხვედრა გაიმართა, რომელშიც აღნიშნული ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.


2019 წლის მარტში, საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს ბუქარესტის დეკლარაციას კასპიის ზღვა – შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების თაობაზე.

მსგავსი სტატიები

ბერლინი შუა დერეფნის სტრატეგიულ ღირებულებაზე მიუთითებს

სიმბოლური შეხვედრა, რომელიც შეიძლება, ისტორიული გახდეს

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *