რა ეტაპებს გაივლის MEGOBARI აქტი საბოლოოდ დამტკიცებამდე

ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა MEGOBARI აქტს მხარი დაუჭირა. საქართველოს შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს ერთი მხრივ სანქციებს, მეორე მხრივ კი, დახმარებას საქართველოში დემოკრატიული პროგრესის შემთხვევაში.

„მივიღეთ “მეგობარი აქტი”, რათა ძლიერი გზავნილი გაგვეგზავნა ქართველი ხალხისთვის იმის შესახებ, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ მცდელობას, მათმა დემოკრატიამ პოზიტიური მიმართულებით გააგრძელოს სვლა,” – განაცხადა კომიტეტის შეხვედრის დასრულების შემდეგ სენატორმა ჯინ შაჰინმა.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ მცდელობებს, მთავრობას ჩამოსცილდნენ ის მაღალჩინოსნები, რომლებიც პატივს არ სცემენ ქართულ ტრადიციებსა და საქართველოს კონსტიტუციას,” – აღნიშნა შჰინმა.

5 მარტს “მეგობარი აქტი” სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში წარადგინეს კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა ჯიმ რიშმა და კომიტეტის დემოკრატმა წევრმა, ჯინ შაჰინმა. 24 მარტს კანონპროექტის თანასპონსორი გახდა კიდევ ორი სენატორი – რესპუბლიკელი პიტ რიკეტსი და დემოკრატი კრისტოფერ კუნსი.

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ 10 მარტს გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ორპარტიული MEGOBARI Act-ი [S.868 ] მოიცავს არაერთ მიმართულებას:

აშშ-საქართველოს ურთიერთობის სრულ გადახედვას, დახმარების ყველა პროგრამის ჩათვლით;ქართველი ხალხის მხარდაჭერის აღიარებას კონსტიტუციით განმტკიცებული ვალდებულების – ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმართ; [აშშ-ის] პრეზიდენტისთვის მოთხოვნას, დაუწესოს სანქციები „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკებსა და მათ მოკავშირეებს, რომლებიც ჩართული არიან კორუფციაში, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ჩასაშლელად, [რომლებიც] ძირს უთხრიან საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ან ჩართული არიან სხვა კორუფციულ ქმედებებში, საქართველოში სტაბილურობის საზიანოდ; ხალხთა შორის კავშირებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას, როდესაც საქართველო შესაბამისობაში იქნება საკუთარ კონსტიტუციურ მოთხოვნებთან; მხარდაჭერის გამოხატვას საქართველოს სრული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, რუსეთის განგრძობადი და უკანონო ოკუპაციის პირობებში; მხარდაჭერას სამოქალაქო საზოგადოებისა, რომელიც იცავდა ქართველ ხალხსა და საქართველოს კონსტიტუციას „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან ბოროტად გამოყენებისგან.

კანონპროექტი თავდაპირველად კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში იყო ინიციირებული რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარის, ჯო უილსონის მიერ: პირველად – 2024 წელს, ხოლო შემდეგ 2025 წლის იანვარში – როდესაც 119-ე მოწვევის კონგრესი შეუდგა მუშაობას.

განახლებულ “MEGOBAR აქტს” [H.R.36] ასევე ორპარტიული მხარდაჭერა აქვს წარმომადგენელთა პალატაში და 25 მარტის მონაცემებით, 18 მხარდამჭერს ითვლის. ამ ეტაპზე ის გადაგზავნილია საგარეო საქმეთა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებში.

იმისათვის, რომ კანონი ძალაში შევიდეს, ის კონგრესის ორივე პალატის შესაბამისმა კომიტეტმა, შემდეგ კი – მთლიანმა პალატებმა უნდა დაამტკიცონ.

თუ სენატიც და წარმომადგენელთა პალატაც „მეგობარი აქტის“ იდენტურ ვერსიას მიიღებს, მაშინ ის ხელმოსაწერად პრეზიდენტს გაეგზავნება. იმ შემთხვევაში, თუ წარმომადგენელთა პალატა და სენატი განსხვავებულ ვერსიებს მიიღებენ, კანონპროექტი გავა „მომრიგებელ კომიტეტზე“ , რომელიც წარმომადგენელთა პალატისა და სენატის წევრებისგან შედგება.

აქ მიღებული კანონპროექტი კი, წარმომადგენელთა პალატასა და სენატს საბოლოოდ დასამტკიცებლად დაუბრუნდება. მას შემდეგ, რაც წარმომადგენელთა პალატაც და სენატიც „მეგობარი აქტს“ დაამტკიცებენ, ის ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტს გადაეცემა. მას 10 დღე აქვს საიმისოდ, რომ კანონპროექტს ხელი მოაწეროს ან ვეტო დაადოს.

კანონპროექტის სრული დასახელებაა „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“ (აბრევიატურა – MEGOBARI) და ის თავდაპირველად გასული წლის მაისში კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში წარადგინა კონგრესმენმა ჯო უილსონმა.

მსგავსი სტატიები

სიმბოლური შეხვედრა, რომელიც შეიძლება, ისტორიული გახდეს

ჩინეთმა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ერთ-ერთ სადავო ქვიშის კუნძულზე კონტროლი დაამყარა – სახელმწიფო მედია

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *