საქართველო NATO-ს გენერალური მდივნის 2024 წლის ყოველწლიურ ანგარიშში

NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ 24 აპრილს გენერალური მდივნის 2024 წლის ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც აღწერილია ორგანიზაციის ძირითადი მიღწევები და პრიორიტეტები გასული წლის განმავლობაში.

საქართველოსთან დაკავშირებით ანგარიში ბოლო ერთი წლის განმავლობაში პრაქტიკული თანამშრომლობის აღწერით შემოიფარგლება, თუმცა ინტეგრაციის პოლიტიკური ასპექტები, როგორიცაა, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის ვალდებულება საქართველოს საბოლოო წევრობის ან ქვეყნის, როგორც NATO-ს ასპირანტი ქვეყნის სტატუსის შესახებ, ანგარიშში აღარ შედის.

საქართველო დოკუმენტის რამდენიმე ნაწილშია წარმოდგენილია, როგორიცაა, თავდაცვის შესაძლებლობების განვითარება, ინსტიტუციური რეფორმა და ალიანსის ჩართულობა სამხრეთ კავკასიაში, თუმცა არ არის ნახსენები ღია კარის პოლიტიკის ნაწილში.

ანგარიშში ნახსენებია საქართველოს მონაწილეობა ალიანსის ინიციატივებში, რომლებიც პარტნიორების შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად. მათ შორისაა NATO-ს გამჭირვალობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების (BI) ინიციატივა, რომელიც უზრუნველყოფს ინსტრუმენტებსა და მეთოდოლოგიებს თავდაცვის სექტორში გამჭვირვალობისა და ინსტიტუციური მდგრადობის ხელშეწყობისთვის.

საქართველო ასევე რჩება სამხრეთ კავკასიაში NATO-ს ჩართულობის ყურადღების ცენტრში, სადაც ალიანსმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა რეგიონში პარტნიორი ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

„NATO-მ და საქართველომ ასევე განაგრძეს პრაქტიკული თანამშრომლობა საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად და ალიანსთან თავსებადობის გასაუმჯობესებლად,“ – ნათქვამია ანგარიშში, რომლის თანახმადაც, საქართველომ მონაწილეობა მიიღო პოლონეთში 2024 წლის ივნისში გამართულ წვრთნებში (CWIX24) და ასევე 2024 წლის სექტემბერში NATO-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი.“

NATO-ს მიერ წვრთნისა და შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობის მცდელობის ფარგლებში, საქართველო რვა პარტნიორიდან ერთ-ერთი იყო, რომელიც თავდაცვისა და უსაფრთხოების შესაძლებლობების გაძლიერებისკენ მიმართული დახმარებით სარგებლობდა. 2014 წლის NATO-ს უელსის სამიტიდან მოყოლებული და 2024 წლის ბოლოსთვის, მოკავშირეებმა და პარტნიორებმა მიმღებ პარტნიორ სახელმწიფოებს, მათ შორის, საქართველოს, ამ ინიციატივისთვის თითქმის 88 მილიონი ევრო გადასცეს.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ დახმარება ეფუძნება „რამდენიმე ძირითად პრინციპს: დახმარების მორგება პარტნიორების ინდივიდუალურ საჭიროებებსა და გარემოებებზე; მდგრადობასა და გრძელვადიან ეფექტზე ფოკუსირება; ამ სფეროში NATO-ს უნიკალური ცოდნისა და გამოცდილების გამოყენება; და პარტნიორებისთვის საკუთრების უფლების მინიჭება.“

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ NATO სტრუქტურირებულ ორმხრივ ურთიერთობებს ინარჩუნებს ევროატლანტიკური რეგიონის 16 პარტნიორთან, მათ შორის საქართველოსთან, ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭოს (EAPC) და „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ (PfP) პროგრამის მეშვეობით.

აღსანიშნავია, რომ ანგარიშში არ არის ნახსენები NATO-ს მიერ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე აღებული ვალდებულება, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი. იგივე ეხება უკრაინასაც. გენერალური მდივნის 2023 წლის ანგარიშში საქართველო ნახსენები იყო როგორც „NATO-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორი“ და „ალიანსის წევრობის მსურველი ქვეყანა.“

გენერალური მდივნის 2022 წლის ანგარიშში ნათქვამი იყო: „მოკავშირეები კვლავაც მზად არიან მხარი დაუჭირონ საქართველოსა და უკრაინის საბოლოო გაწევრიანებას NATO-ში, 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული და 2022 წლის მადრიდის სამიტზე დადასტურებული გადაწყვეტილებების შესაბამისად.“

მსგავსი სტატიები

ბერლინი შუა დერეფნის სტრატეგიულ ღირებულებაზე მიუთითებს

სიმბოლური შეხვედრა, რომელიც შეიძლება, ისტორიული გახდეს

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *