
წყარო – რადიო თავისუფლება
28 თებერვალს ვაშინგტონში, თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის მომხდარმა მწვავე კონფლიქტმა მძაფრი რეაქციები გამოიწვია მსოფლიოს გარშემო – იმ ფონზე, როცა არადიპლომატიური, ხმამაღალი კამათი კითხვის ქვეშ აყენებს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაზე მიმართულ ძალისხმევას.
ტრამპმა ზელენსკი ღიად დაადანაშაულა “უმადურობაში”, მოგვიანებით ბრალი დასდო იმაში, რომ იგი “მშვიდობისთვის მზად არ არის” და შეერთებული შტატების მიმართ უპატივცემულობა გამოავლინა “სანუკვარ ოვალურ ოფისში”.
კონფლიქტს გამოეხმაურა უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიჰალი – მისი თქმით, ზელენსკი “სწორია”, რადგან “გარანტიების გარეშე მშვიდობა შეუძლებელია”.
“ცეცხლის შეწყვეტა გარანტიების გარეშე არის გზა მთელი ევროპის კონტინენტის რუსეთის მხრიდან ოკუპაციისკენ”, – წერს შმიჰალი პლატფორმაზე X.
პლატფორმაზე X უკრაინულ და ინგლისურ ენებზე აქვეყნებს ზელენსკისადმი მიმართვას ევროკომისიის პრეზიდენტი, ურზულა ფონ დერ ლაიენი – “თქვენი ღირსება პატივს სცემს უკრაინელი ხალხის სიმამაცეს. იყავით ძლიერი, იყავით მამაცი, იყავით უშიშარი. თქვენ მარტო არასდროს არ ხართ, ბატონო პრეზიდენტო. ჩვენ გავაგრძელებთ თქვენთან მუშაობას სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისთვის”.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასი პლატფორმაზე X შემდეგ ტექსტს აქვეყნებს:
“უკრაინა ევროპაა! ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ. ჩვენ გავაძლიერებთ უკრაინის მხარდაჭერას, რათა მათ შეძლონ გააგრძელონ აგრესორის მოგერიება. დღეს მკაფიოდ გამოჩნდა, რომ თავისუფალ მსოფლიოს ახალი ლიდერი ესაჭიროება. და ეს გამოწვევა ჩვენ, ევროპელებმა უნდა მივიღოთ”.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინის ომში აგრესორი რუსეთია.
“არსებობს აგრესორი, და ეს არის რუსეთი. და აგრესიას დაქვემდებარებული ხალხი, რომელიც უკრაინაა” – უთხრა მაკრონმა ჟურნალისტებს და დასძინა – “ჩვენ სწორი ვიყავით, როცა სამი წლის წინ უკრაინას ვეხმარებოდით და რუსეთს სანქციებს ვაკისრებდით, და გავაგრძელებთ ამის კეთებას”.
ინციდენტს გამოეხმაურა გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული ძალის ლიდერი, სავარაუდო კანცლერი ფრიდრიხ მერცი. “ძვირფასო ვოლოდიმირ ზელენსკი, ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ კარგ დროშიც და განსაცდელშიც. ამ საზარელ ომში აგრესორი და მსხვერპლი არასოდეს უნდა აგვერიოს” – წერს ის პლატფორმაზე X გამოქვეყნებულ ტექსტში.
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელინა ვალტონენი ასევე პლატფორმაზე X წერს: – “ფინეთი დგას ხალხის, და ხალხის არჩევანის უფლების გვერდით. უკრაინაში ხალხმა თავისუფლება აირჩია”.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის თქმით, მისი ქვეყანა უკრაინის გვერდითაა.
“უკრაინავ, ესპანეთი შენთანაა” – წერს სანჩესი პლატფორმაზე X. სანჩესი უკრაინას მყარად უჭერს მხარს 2022 წელს იქ რუსეთის შეჭრის შემდეგ, მიმდინარე კვირაში კიევში ვიზიტისას ის გამოვიდა ერთი მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების დაპირებით.
ოვალურ ოფისში მომხდარი კონფლიქტის შემდეგ უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა პოლონეთმაც – ასევე მისმა ერთგულმა მხარდამჭერმა.
“ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, თქვენ მარტო არ ხართ”, – წერს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი ზელენსკისადმი მიძღვნის შეტყობინებაში, პლატფორმაზე X.
ტრამპი და ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი კრიტიკის სამიზნე გახდნენ სენატის დემოკრატებისგანაც.
“ტრამპი და ვენსი აკეთებენ პუტინის ბინძურ საქმეს”, – წერს სენატში დემოკრატთა უმცირესობის ლიდერი, ჩაკ შუმერი სოციალური მედიით.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი თავის გამოხმაურებაში დონალდ ტრამპს აქებს.
“ძლიერი კაცები მშვიდობას ამყარებენ, სუსტი კაცები ომს. დღეს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მამაცად დადგა მშვიდობის მხარეს. იმის მიუხედავადაც, ეს თუ ბევრისათვის რთულად მოსანელებელი იყო. გმადლობთ, ბატონო პრეზიდენტო!” – წერს ორბანი პლატფორმაზე X.
ოვალურ სახლში მომხდარ კამათს დადებითად შეხვდნენ რუსეთის ოფიციალური პირები. ექსპრეზიდენტ დმიტრი მედვედევის განცხადებით, ზელენსკის ტრამპმა “ძლიერი სილა გააწნა”.
“სასტიკი დასჯა ოვალურ ოფისში” – წერს ტელეგრამით მედვედევი, რომელიც ამჟამად რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილეა. მედვედევი ზელენსკის უწოდებს “უმადურ ღორს”.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის, მარია ზახაროვას თქმით, სასწაულია, რომ ტრამპმა და ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დეი ვენსმა თავი შეიკავეს და ზელენსკის არ დაარტყეს.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაძაბული შეხვედრის შემდეგ თავის სოციალურ ქსელში Truth Social საგანგებო განცხადება გამოაქვეყნა:
“თეთრ სახლში დღეს გვქონდა ძალიან საგულისხმო შეხვედრა. გაირკვა ბევრი რამ, რისი გაგებაც შეუძლებელი იქნებოდა ასეთი მხურვალების და ზეწოლის პირობებში გამართული საუბრის გარეშე. გასაოცარია, რა ამოდის ზედაპირზე ემოციის გზით, და მე დავადგინე, რომ პრეზიდენტი ზელენსკი არ არის მზად მშვიდობისთვის, ამერიკის ჩართულობით – რადგან ის თვლის, რომ ჩვენი ჩართულობა მას მოლაპარაკებებში დიდ უპირატესობას ანიჭებს. მე არ მსურს უპირატესობა, მე მსურს მშვიდობა. მან უპატივცემულობა გამოავლინა ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ, [ამ ქვეყნისთვის] სანუკვარ ოვალურ ოფისში. მას შეუძლია დაბრუნდეს, როცა მზად იქნება მშვიდობისთვის”.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ თეთრი სახლი დაგეგმილზე ადრე დატოვა, ტრამპის და ზელენსკის ერთობლივი პრესკონფერენცია არ გამართულა.
უკრაინის მინერალური რესურსების შესახებ შეთანხმება გაფორმებული არ არის.
მანამდე ზელენსკისა და ტრამპს შორის თეთრ სახლში, ჟურნალისტების წინაშე შელაპარაკება მოხდა – ზელენსკი ტრამპს მოუწოდებდა რუსეთის მიმართ სიფრთხილე გამოეჩინა, ხოლო ტრამპი ზელენსკის უპატივცემულობაში ადანაშაულებდა.
ორი ლიდერის შეხვედრა თეთრ სახლში, ოვალურ ოფისში გაიმართა, სანამ ისინი განიხილავდნენ შეთანხმებას, რომლითაც აშშ-ს წვდომა მიენიჭებოდა უკრაინის მინერალების რესურსებზე. მაგრამ ზელენსკიმ ტრამპს ღიად უსაყვედურა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიმართ რბილი მიდგომების გამო.
ზელენსკიმ უარყო ტრამპის განცხადებები, რომ უკრაინის ქალაქები მიწასთანაა გასწორებული სამწლიანი ომის შედეგად. ტრამპი აცხადებდა, რომ პუტინს შეთანხმების გაფორმება სურს.
“თქვენ მესამე მსოფლიო ომს ეთამაშებით”, – უთხრა ტრამპმა ზელენსკის ერთ მომენტში და მეტი მადლიერების გამოვლენისკენ მოუწოდა.
საუბარში ჩაერთო აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსიც – მან ზელენსკის უთხრა, უპატივცემულობაა ოვალურ ოფისში თქვენი პოზიციის გასატარებლად მოსვლაო, რასაც ტრამპი დაეთანხმა.
“ხალხი იხოცება… თქვენ ჯარისკაცები გელევათ”, – უთხრა ტრამპმა ზელენსკის.
ტრამპის თქმით, ზელენსკი მინერალებზე შეთანხმებას ან გააფორმებს, ან აშშ ვითარებიდან გადის. ამასთან, ტრამპმა ზელენსკის უთხრა, რომ შექმნილ ვითარებაში უკრაინა მომგებიან პოზიციებზე არ არის.
ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, არ წავიდეს “კომპრომისზე მკვლელთან” – რუსეთის პრეზიდენტზე, ვლადიმირ პუტინზე მინიშნებით.
ზელენსკი – რომლის ქვეყანამაც რუსეთთან ბრძოლაში მილიარდობით დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარება და მორალური მხარდაჭერა მიიღო აშშ-ის წინა ადმინისტრაციისგან – ტრამპისგან მკვეთრად განსხვავებული პოზიციის წინაშეა. ტრამპს სურს, სწრაფად დასრულდეს სამი წლის განმავლობაში მიმდინარე ომი, გააუმჯობესოს კავშირები რუსეთთან და დაიბრუნოს ფული, რომელიც აშშ-მ უკრაინაზე დახარჯა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 28 თებერვალს თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ ინტერვიუ მისცა ტელეკომპანია Fox News-ს.
ტრამპმა ზელენსკი ღიად დაადანაშაულა “უმადურობაში”, მოგვიანებით ბრალი დასდო იმაში, რომ იგი “მშვიდობისთვის მზად არ არის” და შეერთებული შტატების მიმართ უპატივცემულობა გამოავლინა “სანუკვარ ოვალურ ოფისში”.
ინტერვიუს მსვლელობისას ზელენსკიმ ბოდიში არ მოიხადა ამ კონფლიქტის გამო, თუმცა თქვა, დარწმუნებული ვარ ეს ურთიერთობა შესაძლებელია გადარჩესო.
“ეს ურთიერთობა სცდება ორ პრეზიდენტს. ეს ისტორიული ურთიერთობაა, ძლიერი კავშირები ჩვენს ხალხებს შორის. და ამიტომაც მე ყოველთვის ვიწყებ… თქვენი ხალხისთვის მადლობის გადახდით ჩვენი ხალხისგან”, – უთხრა ზელენსკიმ Fox News-ს.
“რა თქმა უნდა, მადლობელი ვართ პრეზიდენტის და, რა თქმა უნდა, კონგრესის. მაგრამ, უწინარეს ყოვლისა, თქვენი ხალხის… ჩვენ ისე ძალიან გვინდოდა გვქონოდა ეს ძლიერი კავშირები… ჩვენ ეს გვექნება”, – თქვა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ის არაა დარწმუნებული, რომ “რაღაც ცუდი” გააკეთა, თუმცა უკრაინის პრეზიდენტი აღიარებს, რომ შელაპარაკება “ორივე მხარისთვის ცუდი იყო”.
ცნობისთვის, რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდ განაგრძობს ომს.