რა ინიციატივაზე ისაუბრა ირაკლი კობახიძემ ბაქოში

17 იანვარს, ბაქოში, შეხვედრებს გამართა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

“ის ფაქტი, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ თქვენი პირველი ვიზიტი სწორედ აზერბაიჯანში იმართება, საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობების მაღალ დონეზე მიუთითებს”, – ილჰამ ალიევმა ამ გადაწყვეტილებისთვის ირაკლი კობახიძეს მადლობა, 17 იანვარს გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე გადაუხადა.

ალიევის თქმით აზერბაიჯანსა და საქართველოს სამაგალითო მეგობრობა და პოლიტიკური ურთიერთობები აკავშირებთ; წინსვლაა ეკონომიკური კუთხითაც და ამ ეტაპზე “საქართველოს ეკონომიკაში აზერბაიჯანს 3.6 მილიარდი დოლარი აქვს ინვესტირებული”.

ალიევი აქებს საინვესტიციო გარემოს საქართველოში და მას ინვესტორებისთვის მიმზიდველად თვლის – ქვეყანაში არსებული მზარდი პოლიტიკური კრიზისის ფონზე, რის კვალდაკვალაც ზოგი სპეციალისტი ეკონომიკურ კრიზისსაც მოელის.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, 17 იანვარს, ილაპარაკა ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტებზე და საქართველოს გავლით ბუნებრივი აირის სამომავლო ტრანზიტის გაფართოებაზე. შარშან ეს მაჩვენებელი 25 მილიარდი კუბური მეტრი იყო და იგეგმება კიდევ უფრო გაზრდა – ახალი საბადოების ათვისების ხარჯზე, საიდანაც, ალიევის თქმით, 10% საქართველოს სათვალავზეა.

„ჩემთვის მოწოდებული ინფორმაციით, საქართველოს მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის 80%-ზე მეტი აზერბაიჯანული წარმოშობისაა“, – ალიევმა ასევე ილაპარაკა შუა დერეფნის პროექტის მნიშვნელობაზე და აზერბაიჯანისა და საქართველოს ფუნქციაზე – ერთმანეთთან დააკავშიროს – ევროპა და აზია.

ორმხრივი თანამშრომლობისა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების გარდა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პირისპირ შეხვედრაზე საუბარი შეეხებოდა რეგიონში და გლობალურად მიმდინარე პოლიტიკური პროცესებს. ამ კუთხით, როგორც ითქვა, ორი ქვეყანა გამოწვევებთან ერთობლივ გამკლავებას გეგმავს.

ირაკლი კობახიძის ბაქოში ჩასვლის მთავარი მიზეზი საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისო კომისიის მორიგი სხდომა იყო, სადაც მან სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის ერთობლივი ჩართულობის ინიციატივაზე ისაუბრა.

„საქართველო მხარეებს სთავაზობს სამმხრივი თანამშრომლობის ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებს სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის ჩართულობას სხვადასხვა სფეროების მიმართულებით. რეგიონული თანამშრომლობის კონტექსტში, მნიშვნელოვანია ენერგეტიკული და სატრანსპორტო მარშრუტების წარმატებული ფუნქციონირების უზრუნველყოფა, არსებული კონფლიქტების დარეგულირება და რეგიონში უსაფრთხოების ხელშეწყობა” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ კომისიის სხდომის გახსნისას.

წყარო – რადიო თავისუფლება

  • მსგავსი სტატიები

    სომხეთმა მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას, რომელიც რუსეთის აგრესიას ახსენებს

    სომხეთმა უარი თქვა მოსკოვის ხელმძღვანელობით მოქმედ ОДКБ-ს დაფინანსებაზე

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *