
უკრაინამ 7 მარტს რუსული საჰაერო იერიშის მოსაგერიებლად პირველად გამოიყენა ფრანგული Mirage 2000-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები. ინფორმაციას Kyiv Independent უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსეთი გვიან ღამით უკრაინას სხვადასხვა ტიპის 67 რაკეტითა და 194 უპილოტო საფრენი აპარატით დაესხა თავს.
უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 34 რაკეტა და 100 დრონი ჩამოაგდეს.
იერიშის მოსაგერიებლად უკრაინელებმა გამოიყენეს როგორც ფრანგული Mirage 2000-ები, ისე ამერიკული F-16-ები.
იმის შესახებ, რომ პარიზის მიერ კიევისთვის გადაცემული Mirage 2000-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები უკრაინაში ჩავიდა, 6 თებერვალს საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ დაადასტურა.
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, ფრანგული მირაჟები უკვე უკრაინაშია
აღნიშნული ტიპის ავიაგამანადგურებლები შედიოდა სამხედრო დახმარების პაკეტში, რომლის შესახებაც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 2024 წლის ივნისში გამოაცხადა. დახმარების პაკეტი ითვალისწინებდა Mirage-2000-ების ოპერირებისთვის უკრაინელი პილოტების გაწვრთნასაც.
მაკრონს უკრაინისთვის გადაცემული აღნიშნული ტიპის ავიაგამანადგურებლების რაოდენობა არ დაუსახელებია.