აზერბაიჯანი წითელი ჯვრის ოფისს ხურავს

 აზერბაიჯანი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) წარმომადგენლობას ხურავს.

Ekho Kavkaza-ს ცნობით, აზერბაიჯანის მთავრობამ ორგანიზაციას მისი განზრახვის შესახებ უკვე შეატყობინა.

ICRC, რომელიც ბაქოში 1992 წლიდან მუშაობდა, ერთადერთი ორგანიზაციაა, რომლის მეშვეობითაც, ბაქოს ციხეებში სომეხი პატიმრების ოჯახებს შეეძლოთ, მიეღოთ ინფორმაცია ნათესავების შესახებ, დაკავშირებოდნენ მათ და გაეგზავნათ ამანათები.

აზერბაიჯანი უკვე დიდი ხანია ან იგნორირებას უკეთებს, ან მწვავედ რეაგირებს საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკაზე, რომელიც ადამიანის უფლებების დარღვევას უკავშირდება.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ქვეყანაში, კონტრაბანდის ბრალდებით, 30 ჟურნალისტი და აქტივისტი დააკავეს. მათ შორის არიან AbzasMedia-ს, ToplumTV-სა და MeydanTV-ის წარმომადგენლები. ბრალს არავინ აღიარებს. ისინი ბრალდებებს პროფესიულ საქმიანობას უკავშირებენ და გამოგონილად, პოლიტიკურად მოტივირებულად თვლიან.

აზერბაიჯანის ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, ამ ეტაპზე, აზერბაიჯანის ციხეებში 300 პოლიტპატიმარია. ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არიან.

25 წლის შემდეგ, აზერბაიჯანმა თანამშრომლობა შეაჩერა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან [USAID], რასაც წინ უსწრებდა მწვავე ბრალდებები და ანტიდასავლური შინაარსის განცხადებები. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა განაცხადა, რომ USAID-თან თანამშრომლობა ჯერ კიდევ 2024 წლის ივნისში შეაჩერეს. ეს განცხადება გაკეთდა 16 იანვარს, „ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ.

ბაირამოვმა და ბოჭორიშვილმა „უცხოური ჩარევის წინააღმდეგ თანამშრომლობაზე“ ისაუბრეს.

„ჩვენ ბოლო პერიოდში სხვადასხვა მხრიდან ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევის არაერთი მცდელობის მოწმე გავხდით, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი საზოგადოება, ჩვენი სახელმწიფოები საკმაოდ მდგრადები არიან ასეთ ნაბიჯებთან გასამკლავებლად“, – ასე უპასუხა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტის კითხვას – არის თუ არა დაგეგმილი ორ ქვეყანას შორის „თანამშრომლობა საგარეო ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლაში“.
„ამის [ჩარევის] ნამდვილი მიზეზი ის არის, რომ ჩვენი ქვეყნები არა რომელიღაც დიდი ძალების კარნახის შესაბამისად, არამედ სუვერენულად მოქმედებენ. ამიტომ ვხდებით მათი სამიზნე,“ – განაცხადა, თავის მხრივ, ჯეიჰუნ ბაირამოვმა.

მსგავსი სტატიები

მაკა ბოჭორიშვილი ე.წ. „3+3“ ფორმატზე

ბერლინი შუა დერეფნის სტრატეგიულ ღირებულებაზე მიუთითებს

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *