ვინ არის მარინ ლეპენი, რომელიც პარიზის სასამართლომ ევროკავშირის თანხების გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო

სასამართლოს გადაწყვეტილებით, საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერს, მარინ ლე პენს საჯარო თანამდებობის დაკავება 5 წლის განმავლობაში აეკრძალა, რაც ძალაში დაუყოვნებლივ შედის და მას, ფაქტობრივად, 2027 წლის საპრეზიდენტო რბოლიდან გამორიცხავს. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

ამასთან, მოსამართლეებმა მარინ ლე პენს ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მუსაჯეს, საიდანაც ორი წელი არის პირობითი სასჯელი და 100 000 ევროს ჯარიმის გადახდა დააკისრეს.

The Guardian-ი წერს, რომ მარინ ლე პენი, დიდი ალბათობით, განაჩენს გაასაჩივრებს და საქმის დასრულებამდე მის წინააღმდეგ პატიმრობა და ჯარიმა არ იქნება გამოყენებული.

შეგახსენებთ, პარიზის სასამართლომ საფრანგეთის ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი, მარინ ლე პენი და რვა ევროპარლამენტარი ევროკავშირის თანხების გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო.

მარინ ლე პენს იზოლაციონისტური ხედვები აქვს საგარეო პოლიტიკაზე. ეს გულისხმობს რბილ დამოკიდებულებას რუსეთის მიმართ და უკრაინის დახმარების გამუდმებულ კრიტიკასაც.

მარინ ლე პენის რუსული კავშირები დიდი ხანია, მედიაში განხილვის თემაა. 2014 წელს, მისმა პარტიამ რუსული ბანკიდან აიღო სესხი.

„როცა თქვენ რუსეთს ელაპარაკებით, არ ელაპარაკებით მორიგ მსოფლიო ლიდერს, თქვენ ელაპარაკებით საკუთარ ბანკირს,“ – განუცხადა ემანუელ მაკრონმა ოპონენტს 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე გამართულ დებატებში.

საბოლოოდ, „ეროვნულმა გაერთიანებამ“ რუსული ბანკის ვალი, 6 მილიონ ევროზე მეტი, 2023 წელს სრულად გაისტუმრა.

2017 წლის საარჩევნო კამპანიისას კი მარინ ლე პენმა უარი თქვა, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია დაეგმო.

„არანაირად არ ვეთანხმები, რომ უკანონო ანექსია იყო. რეფერენდუმი ჩატარდა და ყირიმის მოსახლეობამ რუსეთთან შეერთება აირჩია,“ – ამბობდა მაშინ ფრანგი პოლიტიკოსი.

ამ განცხადებიდან სულ რამდენიმე თვეში კი ლე პენი კრემლში ვლადიმერ პუტინს ეწვია.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ლე პენმა პუტინისგან დისტანცირება სცადა და რუსეთი არაერთხელ გააკრიტიკა, თუმცა CNN-თან ინტერვიუში თქვა, რომ უკრაინას არ უნდა ჰქონდეს უფლება, საფრანგეთის მიერ მიწოდებული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე გამოიყენოს.

გასული წლის ივლისში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სოციალურ ქსელ X-ზე (წარსულში „ტვიტერი“) მარინ ლე პენის ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: „ფრანგ ხალხს სურს სუვერენული საგარეო პოლიტიკა, რომელიც ემსახურება მათ ეროვნულ ინტერესს და გამოდის ვაშინგტონისა და ბრიუსელის დიქტატისგან.“

მოგვიანებით, ეს პოსტი თავად ლე პენმაც გააკრიტიკა. ფრანგი პოლიტიკოსის თქმით, ეს რუსეთის მხრიდან უცხო ქვეყნის შიდა საქმეში ჩარევა იყო: „ამ თვალსაზრისით, მიმაჩნია, რომ მიუღებელია.“

საფრანგეთის კონსტიტუციის თანახმად, ქვეყნის საგარეო პოლიტიკას პრეზიდენტი განსაზღვრავს.

ამისდა მიუხედავად, „ეროვნული გაერთიანება“ რომ მთავრობაში მოსულიყო, გარკვეული დაბრკოლებების შექმნას მაინც შეძლებდა, თუნდაც უკრაინის ფინანსური დახმარების თვალსაზრისით – საფრანგეთში ბიუჯეტის განსაზღვრა პარლამენტისა და მთავრობის პრეროგატივაა.

 

 

 

მსგავსი სტატიები

ევროკავშირი სამხრეთის გაზის დერეფნის გაფართოებას მხარს უჭერს

გერმანიამ რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნავთობტანკერი დააკავა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *