სიმბოლური შეხვედრა, რომელიც შეიძლება, ისტორიული გახდეს

ვატიკანში გაიმართ სიმბოლური შეხვედრა, რომელიც შეიძლება, ისტორიული გახდეს. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პაპი ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიამდე რომში შეხვდნენ. 28 თებერვალს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში მომხდარი მწვავე კამათის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ზელენსკი და ტრამპი ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ. ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ცნობას წინ უძღოდა აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმიერ პუტინს შორის უკრაინის საკითხზე კრემლში გამართული შეხვედრა. კრემლის შეფასებით, პუტინისა და უიტკოფის შეხვედრამ აშშ-სა და რუსეთის პოზიციები დააახლოვა. ტრამპმა ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შესაძლოა, პუტინს ომის შეწყვეტა საერთოდ არ სურს.

„უბრალოდ, ვცდილობ, ობამასა და ბაიდენის მიერ დატოვებული არეულობა გამოვასწორო. პუტინს არ ჰქონდა მიზეზი, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სამოქალაქო პირებისთვის, ქალაქებისა და დაბებისთვის რაკეტები ესროლა. ეს მაფიქრებინებს, რომ შესაძლოა მას, არ სურს ომის შეჩერება, ის უბრალოდ ცრუ იმედს მაძლევს და სხვანაირად უნდა მოვექცეთ, „საბანკო“ თუ „მეორადი სანქციების“ მეშვეობით? ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება!!!“- წერს ტრამპი.

„კარგი შეხვედრა გვქონდა – პირისპირ ძალიან ბევრი რამის განხილვა შევძელით. ვიმედოვნებ, რომ ის ყველაფერი, რაც გაჟღერდა შედეგს გამოიღებს – ჩვენი ხალხის დაცვა, ცეცხლის სრული შეწყვეტა, საიმედო და გრძელვადიანი მშვიდობა, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ომი არ განმეორდეს. ძალიან სიმბოლური შეხვედრა იყო, რომელსაც აქვს პოტენციალი გახდეს ისტორიული, თუ მივალთ საერთო შედეგებამდე,“ წერს თავის მხრივ, ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტი ევროპელ ლიდერებსაც შეხვდა. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რომელიც რომში შეხვდა ზელენსკის, ამბობს, რომ ახლა პუტინზეა დამოკიდებული, დაამტკიცოს, რომ მას ნამდვილად სურს მშვიდობა.

ევროკომისიის პრეზიდენტის შეფასებით, ევროპა ყოველთვის უკრაინის გვერდით იდგება მშვიდობის მიღწევაში.

„სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად მოლაპარაკებების მაგიდასთან ჩვენი მხარდაჭერის იმედი შეგიძლიათ გქონდეთ.

დღეს, ასევე განვიხილეთ ნაბიჯები, რომლებსაც უკრაინას დგამს, რათა თავისი ადგილი დაიმსახუროს ჩვენს ოჯახში,” – წერს ფონ დერ ლაიენი.

შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში 2022 წლის თებერვალში შეიჭრა და მას შემდეგ აგრძელებს ომს. მიუხედავად იმისა, რომ ომის დასრულების მიზნით, ტრამპი მოლაპარაკებებისკენ ისწრაფვის, კრემლი უკრაინაზე იერიშებს უფრო აძლიერებს. კიევის პოზიციაა, რომ ის არ აპირებს საკუთარი ტერიტორიების დათმობას. აშშ-ის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა არაერთხელ დადო პირობა, რომ ომს დაასრულებდა.

მსგავსი სტატიები

მაკა ბოჭორიშვილი ე.წ. „3+3“ ფორმატზე

ბერლინი შუა დერეფნის სტრატეგიულ ღირებულებაზე მიუთითებს

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *