NATO: სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანასთან პარტნიორობას კვლავ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ

sagareopolitika.com

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის პოზიცია არ გაუქმებულა და ამჟამად ვაკანტურია მას შემდეგ, რაც ხავიერ კოლომინა სამხრეთ სამეზობლოში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა. ამის შესახებ NATO-ს ოფიციალურმა პირმა შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ „საგარეო პოლიტიკას“ განუცხადა.

NATO-ს ოფიციალური პირი აღნიშნავს, რომ NATO კვლავ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანასთან პარტნიორობას.

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ სამეზობლოში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენლად ხავიერ კოლომინა გასული წლის ივლისში დაინიშნა.

„ახლო აღმოსავლეთი, ჩრდილოეთ აფრიკა და საჰელის რეგიონები ჩვენი ალიანსისთვის მნიშვნელოვანია. ხავიერ კოლომინას NATO-ს პარტნიორებთან ურთიერთობის უდიდესი გამოცდილება აქვს. მისი დანიშვნა სამხრეთში NATO-ს მნიშვნელოვან მუშაობას კიდევ უფრო გააძლიერებს“ – განაცხადა იმჟამად NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

ვაშინგტონის სამიტზე მოკავშირეები შეთანხმდნენ სამოქმედო გეგმაზე, რომელიც გაზრდის NATO-ს ჩართულობას ახლო აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ აფრიკასა და საჰელის რეგიონში. სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა ამ გეგმის ნაწილია.

ხავიერ კოლომინა პოლიტიკურ და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილეა და მას ასევე ეკავა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის პოზიცია.

ცნობისთვის, NATO-ს გენერალურ მდივნად მარკ რუტე გასული წლის ივნისში დაინიშნა.

  • მსგავსი სტატიები

    აუქმებს თუ არა რუბიოს უწყება კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში უფროსი მრჩევლის თანამდებობას

    NATO-ს ისტორიაში პირველად, სამხედრო ალიანსის დივიზიას თურქი გენერალი უხელმძღვანელებს

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *