
რა მნიშვნელობა აქვს შუა დერეფანს ვაჭრობის გაძლიერებისთვის? განიხილავს თუ არა სლოვენია მის განვითარებაში აქტიურ მონაწილეობას უფრო ფართო პანევროპული ლოგისტიკური სტრატეგიის ფარგლებში? ამის შესახებ სლოვენიის ეკონომიკის, ტურიზმისა და სპორტის სამინისტროს გენერალურმა მდივანმა მიტია ბლაგანიემ Report-თან ინტერვიუში ისაუბრა.
„რუსეთ-უკრაინის ომის გათვალისწინებით, ბევრი ლოგისტიკური ჯაჭვი გადაერთო, მათ შორის – ე.წ. შუა დერეფნისკენ. აზერბაიჯანი განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს ასრულებს შუა დერეფნის განვითარებაში. სლოვენიის ღრმაწყლოვანი პორტი – კოპერის პორტი დაინტერესებულია შუა დერეფნის ფარგლებში მონაწილეობით, მაგრამ ამჟამად მეტი ინფორმაციის შეგროვების ეტაპზეა. ამჟამად კოპერის პორტი შედარებით მცირე მოცულობის ტვირთს ამუშავებს აზერბაიჯანში და პირიქით.
თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნებოდა, თუ საქართველოდან კოპერამდე, ან აღნიშნული დერეფნის გასწვრივ თურქეთამდე და შემდეგ ზღვით კოპერამდე რეგულარული საზღვაო კავშირი დამყარდებოდა.
ასეთ შემთხვევაში, შეიძლება, ჩინეთიდან, ისევე როგორც ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან, ტვირთები, კოპერის გავლით ცენტრალური ევროპის ბაზრებზე შევიდეს (და ექსპორტის შემთხვევაში, პირიქით). ასევე აღსანიშნავია, რომ ორ ქვეყანას შორის საავტომობილო გზით გადაზიდული საქონლის მოცულობა ამჟამად საკმაოდ მოკრძალებულია,“ აღნიშნავს ბლაგანიე.
ცნობისთვის, სლოვენიის სტრატეგიული მდებარეობა და ინფრასტრუქტურის განვითარება მას მიმზიდველ ლოგისტიკურ ცენტრად აქცევს: კოპერის პორტი ჩრდილოეთ ადრიატიკის ზღვის მნიშვნელოვანი კომერციული პორტია, რომელიც აზიასა და ცენტრალურ ევროპას შორის საქონლის გადაზიდვის უმოკლესი გზაა. მთავრობამ 17 მილიარდი ევრო გამოყო ლოგისტიკისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის 2030 წლამდე, მათ შორის – რკინიგზის ქსელებისა და გზატკეცილების პროექტების განახლებისთვის.
სლოვენია ეკონომიკური დიპლომატიის, ციფრული ინოვაციებისა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობით, ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიას შორის დამაკავშირებელი ხიდის ფუნქციას აძლიერებს.