
გამოცემა Axios-ის ინფორმაციით, ჰამასის ტერორისტულ ორგანიზაციასთან ტრამპის ადმინისტრაციის საიდუმლო მოლაპარაკებებს ისრაელის მხრიდან შეშფოთება მოჰყვა, რამაც პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მარჯვენა ხელსა და ამერიკელ მაღალჩინოსანს შორის გამართული ზარის დროს შეკამათება გამოიწვია.
გამოცემის ინფორმაციით, როდესაც ტრამპის მრჩევლებმა თებერვლის დასაწყისში ისრაელელ მაღალჩინოსნებს ჰამასთან პირდაპირი მოლაპარაკებების შესაძლებლობის შესახებ აცნობეს, ისრაელის მხარემ მათ ურჩია, რომ ეს არ გაეკეთებინათ, განსაკუთრებით წინაპირობების გარეშე. თუმცა მოგვიანებით, ისრაელმა სხვა წყაროებიდან შეიტყო, რომ აშშ-მ მათი რჩევა არ გაითვალისწინა.
Axios-ის მიხედვით, აშშ-სა და ჰამასს შორის გამართულ საიდუმლო მოლაპარაკებებზე ცნობების გავრცელების შემდეგ, ნეთანიაჰუ ტრამპის ღიად გაკრიტიკებას ერიდებოდა და მხოლოდ ის თქვა, რომ ისრაელმა ამის შესახებ საკუთარი პოზიცია აშშ-ს უკვე გააცნო.
თუმცა, წყაროების თქმით, ნეთანიაჰუს ნდობით აღჭურვილი პირი რონ დერმერი ბევრად უფრო ნაკლებად თავშეკავებული იყო მძევლების საკითხებში ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელთან, ადამ ბოულერთან, სატელეფონო საუბრისას.
მანამდე, Axios-მა ექსკლუზიური ინფორმაცია გაავრცელა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია პირდაპირი გზით ჰამასის ტერორისტულ ორგანიზაციასთან ამერიკელი ტყვეების გათავისუფლების შესახებ და ზოგადად ომის დამთავრებასთან დაკავშირებით შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს მართავდა.
Axios: აშშ-მ მძევლების გათავისუფლების მიზნით ჰამასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა
გამოცემის ცნობით, ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი მძევლების საკითხებში ადამ ბოულერი ბოლო კვირების განმავლობაში ჰამასის მაღალჩინოსნებთან შეხვედრებს მართავდა.
Axios-ის ინფორმაციით, მოლაპარაკებების მთავარი თემა ღაზის სექტორში მყოფი ტყვეების გათავისუფლება იყო. თუმცა, შეხვედრები ასევე ზოგადი შეთანხმების შესახებ დისკუსიებსაც მოიცავდა, რათა ყველა დარჩენილი მძევალი გათავისუფლდეს და გრძელვადიანი ზავი იყოს დადებული. ჯერჯერობით შეთანხმება მიღწეული არ არის.
ბოლო მონაცემებით, ჰამასის ტყვეობაში 59 მძევალი რჩება. ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) ადასტურებს, რომ მათგან 35 დაღუპულია, ხოლო ისრაელის დაზვერვაში სჯერათ, რომ მძევლებიდან 22 ჯერ კიდევ ცოცხალია. უცნობია დარჩენილი 2 მძევლის მდგომარეობა.