
აზერბაიჯანში EBRD-ის ოფისის ხელმძღვანელმა ნატალი მოურავიძემ აზერბაიჯანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი (EBRD) მზადაა, სამხრეთ გაზის დერეფნის (SGC) გაფართოების პროექტზე სიღრმისეული შეფასება ჩაატაროს. სამხრეთის გაზის დერეფანი ევროკავშირისა და მეზობელი ქვეყნებისთვის გაზის მიწოდების დივერსიფიკაციის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი მარშრუტია.
„SGC-ის გაფართოების შესახებ გადაწყვეტილება აზერბაიჯანის ხელისუფლებას ეკუთვნის. თუ ისინი გადაწყვეტენ, რომ EBRD-ს მიმართონ დაფინანსებისთვის, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიმუშავებთ მათთან პროექტის შესაფასებლად, მაგრამ სხვადასხვა ფაქტორის – მათ შორის, პარიზის შეთანხმების ვალდებულებების გათვალისწინება მოგვიწევს,“ – აღნიშნა მოურავიძემ.
სამხრეთის გაზის დერეფნით აზერბაიჯანული გაზის ევროპაში ტრანსპორტირება 2020 წლის 31 დეკემბერს დაიწყო. კასპიის ზღვის რეგიონიდან ევროპის ქვეყნებში გაზის ტრანსპორტირება საქართველოსა და თურქეთის გავლით ხორციელდება. პროექტის ღირებულებამ პროგნოზირებულ $45 მილიარდთან შედარებით, $33 მილიარდი შეადგინა. 2022 წლის ივლისში აზერბაიჯანი და ევროკავშირი შეთანხმდნენ, რომ 2027 წლისთვის, სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით, გაზის მიწოდების მოცულობა გაზარდონ.
სამხრეთის გაზის დერეფანი ევროკომისიის ინიციატივაა, რომელიც კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებიდან ევროპისკენ ბუნებრივი გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს.