
ბრიუსელში ვიზიტით მყოფმა ჩეხეთის პრეზიდენტმა ევროპის პოლიტიკის ცენტრში (EPC) ექსპერტებთან და ჟურნალისტებთან შეხვედრაზე, Euroscope-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ პარტნიორებთან მუშაობისას საჭიროა სიფრთხილე, რომ ზედმეტად მაღალი მოლოდინები არ შეიქმნას.
პეტრ პაველის შეფასებით, ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის ხანგრძლივმა პროცესმა საქართველოში იმედგაცრუება გამოიწვია და წაახალისა ის პარტიები, რომლებიც ინტეგრაციის წინააღმდეგნი იყვნენ.
„NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეობის პერიოდში ორჯერ მქონდა შესაძლებლობა, ჩავსულიყავი საქართველოში. ნამდვილად საწყენია, რომ საქართველოს ინტეგრაციის პროცესი ევროპულ ინსტიტუციებში დასრულებული არ არის.
ეს პროცესი დაიწყო 2008 წელს და შეიქმნა დიდი მოლოდინი, თუმცა ინტეგრაციის სხვადასხვა შუალედური ნაბიჯები დროთა განმავლობაში გაიწელა, რამაც საქართველოსა და უკრაინაში გარკვეული იმედგაცრუება გამოიწვია.
იმ პერიოდში ქართველი მოსახლეობის სურვილი NATO-სა და ევროკავშირში ინტეგრაციისადმი მართლაც მაღალი იყო. ძალიან სავარაუდოა, რომ ამ ხანგრძლივმა პროცესმა იმედგაცრუება გამოიწვია და წაახალისა ის პარტიები, რომლებიც ინტეგრაციის წინააღმდეგი იყვნენ. NATO-მ და ევროკავშირმა ამ გამოცდილებიდან გაკვეთილი უნდა გამოიტანონ,“ — განაცხადა პაველმა.