“Signalgate-ის სკანდალი“

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცმა სრული პასუხისმგებლობა“ აიღო Signal-ის დახურულ ჩატში უცხო პირის მოხვედრის გამო და მას – გამოცემა The Atlantic-ის მთავარ რედაქტორს ჯეფრი გოლდბერგს „საშინელი რეპუტაციის“ ადამიანი უწოდა.

„სრულ პასუხისმგებლობასა“ და გოლდბერგზე უოლცმა 25 მარტს, ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუში ისაუბრა. მაიკლ უოლცის განცხადებით, ჩატში საიდუმლო ინფორმაცია არ განუხილავთ.

თეთრი სახლის მრჩევლის განცხადებით, არ იცნობს გოლდბერგს და ტელეფონში არ ჰყავს, მაგრამ იცის, რომ მას აქვს „საშინელი რეპუტაცია“, არაერთხელ გაუვრცელებია ტყუილი და „სძულს პრეზიდენტი“.

უოლცმა განაცხადა, რომ იკვლევენ, როგორ აღმოჩნდა გოლდბერგი დახურულ ჩატში და მიანიშნა, რომ ეს შესაძლოა, მიზანმიმართული ქმედება ყოფილიყო.

Fox News-თან ინტერვიუში უოლცმა აღიარა, რომ მან შექმნა ჩატი და კოორდინაცია გაუწია მის მუშაობას. მანვე აღნიშნა რომ არ იცოდა, როგორ აღმოჩნდა გოლდბერგი ჩატში 18 სხვა ადამიანთან ერთად.

უოლცი ვარაუდობს, რომ შესაძლოა გოლდბერგი ჩატში შემთხვევით დაემატა, აერია მისი ტელეფონის ნომერი იმ პირთან, რომლის დამატებასაც აპირებდა. უოლცმა გოლდბერგს „ნაძირალა“ უწოდა, ცრუ ინფორმაციის გამოქვეყნებაში დაადანაშაულა.

თავად ჯეფრი გოლდბერგმა განმარტა, რომ მან ჩატი მაშინვე დატოვა მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ მიმოწერაში მართლაც განიხილავდნენ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებს.

თავის მხრივ, The Atlantic-მა განაცხადა, რომ გამოცემის, მისი რედაქტორისა და რეპორტაჟების დისკრედიტაციის მცდელობა ნაწილია სქემის, რომელსაც ჟურნალისტებისადმი მტრულად განწყობილი თანამდებობის პირები მისდევენ და კონსტიტუციას არღვევენ.

კონტექსტი

24 მარტს ცნობილი გახდა, რომ გამოცემა The Atlantic-ის მთავარმა რედაქტორმა ჯეფრი გოლდბერგმა მაიკ უოლცისგან 13 მარტს მოულოდნელად მიიღო მიწვევა Signal-ის დახურულ ჩატში, სადაც ამერიკელი მაღალჩინოსნები, მათ შორის – თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეთი განიხილავდნენ იემენში მეამბოხე ჰუსითების პოზიციებზე შეტევას. საიდუმლო ინფორმაციის განხილვის წესების დარღვევას მწვავე რეაქცია მოჰყვა კონგრესის წარმომადგენლებისა და უსაფრთხოების საკითხთა ექსპერტებისგან. დემოკრატებმა მაიკ უოლცის და პიტ ჰეგსეთის გადადგომა მოითხოვეს.

25 მარტს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NBC-ს განუცხადა, რომ მაიკლ უოლცი „კარგი კაცია” და მომხდარი მისთვის გაკვეთილი იყო. ტრამპმა ისიც განაცხადა, რომ დახურულ ჩატს უცხო პირი ერთ-ერთმა თანამშრომელმა დაამატა. აშშ-ის პრეზიდენტის თანახმად, ამ ინციდენტს სამხედრო ოპერაციაზე არანაირი გავლენა არ ჰქონია.

გამოცემა POLITICO-ს ცნობით, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, მაიკ უოლცმა Signal-ის ჩატში The Atlantic-ის მთავარი რედაქტორი დაამატა, თეთრ სახლში მის გათავისუფლებას განიხილავენ. ამ ინფორმაციას მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების თქმით, გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა და პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შესაძლოა, საბოლოო განაჩენი მომდევნო ერთ ან ორ დღეში გამოიტანოს. აქამდე ის თვალს ადევნებს თუ როგორ შუქდება სკანდალი, რომელიც 24 მარტს გაირკვა.

გამოცემა Foreign Policy წერს, რომ მრავალი შეკითხვა რჩება იმის შესახებ, თუ როგორ მოხდა ეროვნული უსაფრთხოების მხრივ ეს შოკისმომგვრელი გარღვევა და რას ნიშნავს ეს ყველაფერი ამ სკანდალში ჩართული ადამიანებისთვის, ისევე როგორც ქვეყნისთვის:

1. როგორ დაემატა გოლდბერგი ჯგუფურ ჩატში თავიდან? ეს რჩება ალბათ ყველაზე დიდ საიდუმლოდ.

2. არცერთმა მაღალჩინოსანმა, რომელიც ჩატში იყო, არ გამოთქვა შეშფოთება იმის შესახებ, რომ სიგნალი იყო შეუსაბამო საშუალება ეროვნული უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით სენსიტიურ ინფორმაციაზე კომუნიკაციისთვის? რატომ? 

აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველის, CIA-ს დირექტორისა და ეროვნული დაზვერვის დირექტორის გარდა, ჯგუფში იყვნენ ვიცე-პრეზიდენტი ჯ.დ. ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეთი, ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი, თეთრი სახლის შტაბის უფროსი სუზი უილზი და აშშ-ს ელჩი ახლო აღმოსავლეთში სტივ ვიტკოფი.

განახლება: ჟურნალმა The Atlantic-მა 26 მარტს გამოაქვეყნა მიმოწერის სრული ტექსტი. მანამდე ჯეფრი გოლდბერგმა გამოაქვეყნა მხოლოდ ნაწყვეტები მიმოწერიდან, რომელიც წარმოდგენას იძლევა მისი ხასიათის შესახებ, მაგრამ აშკარად არ შეიცავდა რაიმე საიდუმლო ინფორმაციას.

მიმოწერა შეიცავს, კერძოდ, ისეთ მონაცემებს, როგორიცაა, ამერიკის შეტევების დრო იემენელ ჰუსითებზე და ამ დარტყმებისთვის გამოყენებული თვითმფრინავების ტიპები, ასევე 0 წინასწარი ინფორმაცია დარტყმების შედეგებზე.

Atlantic-ის პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ გამოცემამ კორესპონდენციის გამოქვეყნება გადაწყვიტა, რადგან პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ არაერთხელ განაცხადა, რომ ის არ შეიცავს რაიმე საიდუმლო ინფორმაციას. ადმინისტრაციას ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი ახალ პუბლიკაციაზე.

 

მსგავსი სტატიები

კასპია-შავი ზღვა-ევროკავშირის დერეფანი: „მსხვილი პროექტი“ დაანონსდა

ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, რუბიოს უწყებამ პირველი კომენტარი გააკეთა საქართველოზე

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *