
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა CBS Mornings-თან ინტერვიუში განაცხადა რომ „გვსურს უკრაინაში ომი ისე დასრულდეს, რომ 3-4 წელიწადში ისევ აღარ დაიწყოს.“
მარკო რუბიოს თქმით, კონფლიქტი უნდა დასრულდეს და ეს აშშ-ის პოლიტიკას წარმოადგენს.
„გვსურს, რომ მის დასასრულებლად ყველაფერი გავაკეთოთ. ჩვენს ძალისხმევას გამოვიყენებთ, რათა ეს კონფლიქტი სტაბილურად დასრულდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ არ გვსურს კონფლიქტი დასრულდეს და შემდეგ ორ, სამ ან ოთხ წელიწადში განახლდეს. სტაბილურობის უზრუნველყოფა გვსურს,” – განაცხადა რუბიომ.
მან ხაზი გაუსვა, რომ კონფლიქტი, რომელიც რუსეთმა დაიწყო ახლა ჩიხშია შესული და როგორც უკრაინისთვის, ისე რუსეთისთვის დამანგრეველია.
„ყველა ბედნიერი უნდა იყოს, რომ დონალდ ტრამპი, რომელსაც მსოფლიოში მშვიდობის ხელშეწყობა და კონფლიქტების დასრულება სურს, აშშ-ის პრეზიდენტად აირჩიეს,“ – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
21 იანვარს, ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე წარდგენილი მარკო რუბიოს კანდიდატურას. 2011 წლიდან რუბიო ფლორიდის შტატის სენატორი იყო.
პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია არაერთხელ აცხადებდა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას დაეხმარება იმდენ ხანს, „რამდენ ხანსაც საჭირო იქნება“, და თითქმის 66 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება აღმოუჩინა კიევს რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან მოყოლებული.
მარკო რუბიომ სენატის მოსმენაზე თქვა, რომ ეს პოზიცია არ არის „რეალისტური ან გონივრული“ და ხაზი გაუსვა უკრაინის პრობლემებს ცოცხალი ძალის სფეროში. ოთხშაბათს გამართულ მოსმენაზე რუბიომ დაადასტურა აშშ-ის ალიანსების, მათ შორის NATO-ს მიმართ მხარდაჭერა, მაგრამ თქვა, რომ ნატოს ევროპელმა წევრებმა თავდაცვის ხარჯები უნდა გაზარდონ. უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე NATO-ს მხოლოდ რამდენიმე წევრი აღწევდა ხარჯების სამიზნე დონეს. თავის მხრივ, ტრამპი მიიჩნევს, რომ უკრაინის დახმარება ევროპელმა მოკავშირეებმა უნდა გადაინაწილონ.