
13 მარტს აშშ-მ ირანის ნავთობის მინისტრს, მოჰსენ პაქნეჯადსა და ჰონგ-კონგის დროშის ქვეშ მცურავ გემებს, რომლებიც ე.წ. “ჩრდილოვანი ფლოტის” ნაწილს წარმოადგენს, სანქციები დაუწესა. ე.წ. “ჩრდილოვანი ფლოტი” ირანის ნავთობის ფარულად გადაზიდვაში მონაწილეობს.
აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის განცხადების თანახმად, პაქნეჯადი ირანული ნავთობის ექსპორტს აკონტროლებს და ირანის სამხედროებს ექსპორტისთვის მილიარდობით დოლარის ღირებულების ნავთობს აწვდიდა.
“ირანის რეჟიმი აგრძელებს ქვეყნის მასშტაბური ნავთობრესურსებიდან მიღებული შემოსავლის გამოყენებას საკუთარი ვიწრო და შემაშფოთებელი ინტერესების გასატარებლად, ირანელი ხალხის კეთილდღეობის საზიანოდ. სახაზინო დეპარტამენტი წინააღმდეგობას გაუწევს და ჩაშლის ნებისმიერი მცდელობას, რომლის მიზანიცაა რეჟიმის დესტაბილიზაციური საქმიანობის დაფინანსება და მისი საშიში მიზნების გეგმის მიხედვით განხორციელება,” – თქვა აშშ-ს ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა.
“დღევანდელი გადაწყვეტილება პრეზიდენტ ტრამპის ირანზე მაქსიმალური ზეწოლის პოლიტიკის გაგრძელებაა, რომლის მიზანი ირანის ბირთვული საფრთხის აღმოფხვრა, მისი ბალისტიკური რაკეტების პროგრამის შეზღუდვა და ტერორისტული დაჯგუფებების მხარდაჭერისა თუ აღდგენის შეჩერებაა. ამ მიზნით, ირანის ნავთობის ექსპორტი, განსაკუთრებით ჩინეთში, ნულამდე უნდა შემცირდეს. ჩვენ გავაგრძელებთ უკანონო დაფინანსების ჩახშობას, რათა შევზღუდოთ მავნე აქტივობები, შევამციროთ კორუმპირებული ოფიციალური პირებისთვის ხელმისაწვდომი ფინანსური რესურსები და გამოვიყენოთ ყველა ხელმისაწვდომი ბერკეტი, რათა რეჟიმმა პასუხი აგოს,” – ნათქვამია განცხადებაში.