
საქართველოში ამერიკის შეერთებულ შტატების საელჩო საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილისა და ელჩ რობინ დანიგანის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
„დღეს ელჩი დანიგანი შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს და მან გააცნო პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტები, ასევე, ის ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს შეუძლია, გადადგას, რათა აჩვენოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესებისადმი სერიოზული დამოკიდებულება,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.
მანამდე ამ შეხვედრის შესახებ ცნობა საგარეო უწყებამ გაავრცელა.
„შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების თანამშრომლობის დღის წესრიგი და აღნიშნეს, რომ ორი ქვეყნის პარტნიორობა, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს ეფუძნება, პოზიტიურ დინამიკას საჭიროებს, რისი მზადყოფნაც საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დაადასტურა.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა, აქტიურად იმუშაონ ორი ქვეყნის სტრატეგიულ თანამშრომლობაში პროგრესის მისაღწევად,“ – წერია სამინისტროს პრესსამსახურის გავრცელებულ განცხადებაში.
მაკა ბოჭორიშვილი მინისტრის თანამდებობას 2024 წლის 28 ნოემბრიდან იკავებს.
20 იანვარს, ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ, ეს პირველი შეხვედრა იყო.
2024 წლის 28 ნოემბერს პარლამენტმა ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით არსებულ მინისტრთა კაბინეტს ნდობა გამოუცხადა. მოქმედი პარლამენტის, მთავრობისა და პრეზიდენტის ლეგიტიმაციას არ ცნობენ ოპოზიციური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი.
ირაკლი კობახიძემ მისი გუნდისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ განაცხადა, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში „ქართული ოცნება“ აღარ იქნება ინიციატორი ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის – აქციები 100 დღეზე მეტია, უწყვეტად გრძელდება.