
რუსეთი ომისა და ოკუპაციის გაგრძელების მიზნით დროის მოგებას ცდილობს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტისკენ პროგრესი მიღწეულია.
„ეჭვგარეშეა, რომ ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დასრულდეს. მაგიდაზე მკაფიო და რეალისტური წინადადებები უნდა იყოს. უკრაინა მზადაა მოლაპარაკებების ნებისმიერი ფორმატისთვის და თუ რუსეთი არარეალური პირობების წამოყენებასა და პროგრესისთვის ხელის შეშლას გააგრძელებს, მაშინ ამას მძიმე შედეგები უნდა მოჰყვეს,“ – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
მანვე აღნიშნა, რომ უკრაინა რუსეთზე ზეწოლის გაძლიერების მიზნით პარტნიორებთან ერთად მუშაობს.
ორშაბათს ზელენსკისთან და პუტინთან ცალკეული სატელეფონო ზარების შემდეგ, ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ზავის შესახებ მოლაპარაკებები „დაუყოვნებლივ“ დაიწყება.
პუტინმა განაცხადა, რომ მზადა, იმუშაოს „შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების შესახებ მემორანდუმზე“, თუმცა მას არ უსაუბრია საბრძოლო მოქმედებების 30-დღიანი შეჩერების მოწოდებებზე.
ამასობაში, ზელენსკიმ დიპლომატიის ახალი რაუნდი დაიწყო და დასავლელ მოკავშირეებთან ისაუბრა მხარდაჭერის გაძლიერებაზე.
ფინეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, ზელენსკიმ სოციალურ მედიაში დაწერა, რომ უკრაინა პარტნიორებთან თანამშრომლობს იმის უზრუნველსაყოფად, რომ მოსკოვზე ზეწოლით „აიძულოს რუსები, შეცვალონ თავიანთი ქცევა.“ ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა განაცხადეს, რომ მათ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტები მიიღეს. ევროკავშირმა განაცხადა, რომ რუსეთის „ჩრდილოვან ფლოტში“ კიდევ 200 ნავთობტანკერი შეიყვანა შავ სიაში და კრემლი გააფრთხილა „უფრო მკაცრი პასუხის“ შესახებ, თუ მოსკოვი უკრაინაში ზავს არ დათანხმდებოდა.
შაბათ-კვირას უკრაინაში დრონებით რეკორდული თავდასხმა მოხდა, რასაც კიევის ოფიციალურმა პირებმა სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ყველაზე მასშტაბური უწოდეს. ორშაბათს ტრამპმა მიანიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს არ შეუერთდებოდა და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მათ შეიძლება, ბოლო დროს მიღწეული პროგრესი შეაფერხონ.
სამშაბათს, ევროკავშირის მინისტრების შეხვედრამდე გამოსვლისას, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ რუსეთის თავდასხმები „უფრო მეტს ამბობენ, ვიდრე ის სიტყვები, რომლებიც ამდენი ხნის განმავლობაში გვსმენია.“
„პუტინი აშკარად დროს იგებს. სამწუხაროდ, უნდა ვთქვათ, რომ ის სინამდვილეში არ არის დაინტერესებული მშვიდობით,“ – აღნიშნა პისტორიუსმა.
პუტინმა ჯერჯერობით უარყო აშშ-უკრაინის ერთობლივი წინადადება 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და გასულ კვირას უარყო ზელენსკის მიწვევაც სტამბოლის მოლაპარაკებებზე. ტრამპიც აპირებდა მოლაპარაკებებზე დასწრებას, თუ პუტინი იქ იქნებოდა, მაგრამ რუსეთის ლიდერი ადგილზე არ ჩავიდა.
მოსკოვმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო.