კონგრესში ტრამპის გამოსვლის ძირითადი აქცენტები

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იანვარში ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ, აშშ-ის კონგრესს სიტყვით პირველად მიმართა და განაცხადა: „ამერიკული ოცნება შეუჩერებელია.“ აშშ-ის ლიდერმა შეაქო ილონ მასკი, რომელიც ტრამპის გადაწყვეტილებით, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს მართავს.

რესპუბლიკელი კანონმდებლები დარბაზში მყოფ მასკს ტაშით შეეგებნენ, დემოკრატს თან ჰქონდა პლაკატები, წარწერებით: „მასკი იპარავს“, „ტყუილია.“ ისინი ასევე პროტესტს გამოთქვამდნენ ჯანდაცვის და ვეტერანთა დაცვის პროგრამების დაფინანსების შემცირების გამო.

ტრამპის გამოსვლისას დარბაზიდან გააძევეს დემოკრატი კონგრესმენი ელ გრინი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს საპროტესტო შეძახილებით მიმართავდა და აცხადებდა, რომ მას მანდატი არ აქვს. კონგრესის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა სპიკერმა მაიკ ჯონსონმა ელ გრინს ეტიკეტის დაცვისკენ მოუწოდა, შემდეგ კი, წესრიგის აღდგენის მოტივით, დარბაზიდან მისი გაყვანა მოითხოვა.

კონგრესმენმა გრინმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ტრამპს არ აქვს ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტის შემცირების უფლებამოსილება, როგორც ამას თავად აცხადებს. ელ გრინის თქმით, მუშაობს დონალდ ტრამპისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების პროცედურის დასაწყებად. დემოკრატმა კონგრესმენმა ხაზი გაუსვა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებს და განაცხადა, რომ ის პრეზიდენტის თანამდებობაზე არ უნდა იყოს.

თავის მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტმა თავის სიტყვაში დიდი ადგილი დაუთმო თავისი წინამორბედის, დემოკრატი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის კრიტიკას. ტრამპა თავის გამოსვლაში ისაუბრა პრეზიდენტობის მეორე ვადის პირველი ექვსი კვირის მიღწევებზე და აღნიშნა, რომ „ამერიკა დაბრუნდა.“

„ჩვენ 43 დღეში უფრო მეტს მივაღწიეთ, ვიდრე უმეტესმა ადმინისტრაციებმა მიაღწიეს ოთხ წელში ან რვა წელში და ეს მხოლოდ დასაწყისია,“ განაცხადა დონალდ ტრამპპმა.

„ჩვენ გვჭირდება გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოებისთვის და საერთაშორისო უსაფრთხოებისთვისაც კიჩვენ მას მივიღებთ“

ტრამპმა გრენლანდიელ ხალხს მიმართა და ხაზი გაუსვა, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს მათ უფლებას, თავად განსაზღვრონ თავიანთი მომავალი. ამერიკის პრეზიდენტის თქმით, შეერთებული შტატები უზრუნველყოფს გრენლანდიელი ხალხის უსაფრთხოებას და კეთილდღეობას.

„თუ აირჩევთ, მოგესალმებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩვენ გვჭირდება გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოებისთვის და საერთაშორისო უსაფრთხოებისთვისაც კი.

ჩვენ ვმუშაობთ ყველა ჩართულ მხარესთან, რათა ვცადოთ მისი მიღება. მაგრამ ის ნამდვილად გვჭირდება საერთაშორისო მსოფლიო უსაფრთხოებისთვის და ვფიქრობ, რომ ჩვენ მას მივიღებთ – ასე თუ ისე, ჩვენ მას მივიღებთ,“ – აღნიშნა ტრამპმა.

„სავაჭრო ომი“

„სხვა ქვეყნები ათწლეულების განმავლობაში იყენებენ ტარიფებს ჩვენ წინააღმდეგ და ახლა ჩვენი ჯერია, დავიწყოთ მათი გამოყენება ამ ქვეყნების წინააღმდეგ,“ განაცხადა დონალდ ტრამპა და ამ კონტექსტში ახსენა ევროკავშირი, ჩინეთი, ბრაზილია, ინდოეთი, სამხრეთ კორეა, მექსიკა და კანადა. სავაჭრო პარტნიორების მიმართ აშშ-ის საპასუხო ტარიფები 2 აპრილიდან შევა ძალაში.

„რა ტარიფებსაც გვაკისრებენ სხვა ქვეყნებს, ჩვენც დავუწესებთ მათ. ეს ორმხრივია. რასაც დაგვიბეგრავენ, ჩვენც დავუბეგრავთ. თუ ისინი დაგვიწესებენ არაფულად ტარიფებს იმისთვის, რომ თავიანთი ბაზრების მიღმა დაგვტოვონ, ჩვენც დავაწესებთ არაფულად ბარიერებს იმისთვის, რომ ისინი ჩვენი ბაზრის მიღმა დავტოვოთ,“ – აღნიშნა ტრამპმა.

მან აღნიშნა, რომ შესაძლოა, ტარიფების დაწესებას მოჰყვეს მცირე მღელვარების და ადაპტაციის პერიოდი, მაგრამ ტარიფები, საბოლოო ჯამში, კეთილდღეობას მოუტანს შეერთებულ შტატებს იმით, რომ აიძულებს კომპანიებს მეტი პროდუქტი აწარმოონ შეერთებულ შტატებში, რაც შექმნის სამუშაო ადგილებს და შესაძლებლობებს.

BBC წერს, რომ ეს იყო ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი გამოსვლა კონგრესის წინაშე.

„ჩემო ამერიკელო თანამემამულეებო, მოემზადეთ არაჩვეულებრივი მომავლისთვის, ვინაიდან ამერიკის ოქროს ხანა ეს-ესაა დაიწყო! ეს ჯერარნახული რამ იქნება!“ – ამ სიტყვებით დაასრულა თავისი გამოსვლა აშშ-ის პრეზიდენტმა.

თავის სიტყვაში ტრამპმა უკრაინაზეც ისაუბრა.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მან წერილი მიიღო ვოლოდიმირ ზელენსკისგან, რომელიც თანახმაა, უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების დადების მიზნით, „მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს.“

„მე ვაფასებ იმას, რომ მან ეს წერილი გამომიგზავნა,“ – აღნიშნა ტრამპმა ვაშინგტონში კონგრესის ერთობლივ სესიაზე გამოსვლისას.

მანამდე, ზელენსკიმ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა, რომ მზად იყო, ემუშავა ტრამპის „ძლიერი ხელმძღვანელობით“, ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად.

საერთაშორისო მედია მიუთითებს, რომ ეს განცხადებები ლიდერებს შორის დაძაბულობის შემცირებაზე მიუთითებს.

„წერილში ნათქვამია, რომ უკრაინა მზადაა, რაც შეიძლება მალე მივიდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან, რათა მდგრადი მშვიდობა დაახლოვდეს. მშვიდობა უკრაინელებზე მეტად არავის უნდა. მე და ჩემი გუნდი მზად ვართ, ვიმუშაოთ პრეზიდენტ ტრამპის ძლიერი ხელმძღვანელობით, რათა მივიღოთ მუდმივი მშვიდობა,“ – განაცხადა ტრამპმა, როდესაც წერილის ტექსტს ციტირებდა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მან ზელენსკიმ უთხრა, რომ მზად იყო, ხელი მოეწერა წიაღისეულის შესახებ შეთანხმებაზე შეერთებულ შტატებთან.

უკრაინას წერილზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.  აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ “სერიოზული დისკუსიები” გაიმართა რუსეთთან და არის “ძლიერი სიგნალები, რომ ისინი მზად არიან მშვიდობისთვის.”

ტრამპმა არ დააკონკრეტა, როდის შედგა მოლაპარაკებები და პირადად იყო თუ არა ჩართული მათში.

„დროა, დასრულდეს ეს უაზრო ომი. თუ გინდა ომების დასრულება, ორივე მხარეს უნდა ელაპარაკო,” – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, 28 თებერვალს, აშშ-ის და უკრაინის ლიდერებმა თეთრ სახლში დაძაბული საუბრის შემდეგ, ხელი არ მოაწერეს იშვიათ წიაღისეულზე შეთანხმებას, რომელიც მანამდე იყო დაგეგმილი. ზელენსკიმ თეთრი სახლი დროზე ადრე დატოვა და ბრიტანეთში გაფრინდა.

დაპირისპირების შემდეგ, რომლის დროსაც ტრამპმა ზელენსკი „მესამე მსოფლიო ომთან თამაშში“ დაადანაშაულა, განაცხადა, რომ ზელენსკის შეუძლია, დაბრუნდეს, როცა „მშვიდობისთვის მზად  იქნება.“

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 4 მარტს სინანული გამოხატა თეთრ სახლში მომხდარის გამო და განაცხადა, რომ გასულ პარასკევს დონალდ ტრამპთან გამართული შეხვედრა ისე არ წავიდა, როგორც უნდა ყოფილიყო.

მსგავსი სტატიები

„არ შეიძლება, ფოკუსი დავკარგოთ, აგრესორი არის რუსეთი და მსხვერპლი – უკრაინა“ – ინტერვიუ ენტონი ბლინკენთან

„უკანონოდ შემოსვლას თუ შეეცდებით, გაგაძევებენ და ვერასდროს დაბრუნდებით“ – აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მდივანი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *