
ჩინეთის სპეციალურმა წარმომადგენელმა ევროპულ საკითხებში ლუ შაიმ განაცხადა, რომ ის “შოკირებულია” იმით, თუ როგორ ეპყრობა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამერიკელ მოკავშირეებს ევროპაში და რომ უკრაინის სამშვიდობო შეთანხმება არ უნდა განსაზღვრონ მხოლოდ აშშ-მ და რუსეთმა.
ამ საკითხზე მან ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო საბჭოს ყოველწლიური სესიის დროს, პანელურ დისკუსიაზე ისაუბრა. შეხვედრას სხვა დიპლომატებიც ესწრებოდნენ.
„როდესაც ვუყურებთ, როგორ ახორციელებს ტრამპის ადმინისტრაცია აშკარა დომინანტურ პოლიტიკას ევროპის მიმართ, ასე ექცევა თავის მოკავშირეებს, გულწრფელად რომ ვთქვათ, ევროპული პერსპექტივიდან ეს უბრალოდ, შემაძრწუნებელია.
მიმაჩნია, რომ ევროპელმა მეგობრებმა უნდა გააანალიზონ ეს და შეადარონ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა ჩინეთის მთავრობის პოლიტიკას. ამით დაინახავენ, რომ ჩინეთის დიპლომატიური მიდგომა აქცენტს აკეთებს მშვიდობაზე, მეგობრობაზე, კეთილგანწყობასა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობაზე,“ აღნიშნა ჩინელმა დიპლომატმა.
პეკინის შეფასებით, ნებისმიერი სამშვიდობო პროცესი უნდა მოიცავდეს ყველა დაინტერესებული მხარის, მათ შორის, ევროპის ქვეყნების მონაწილეობას.
ჩინელი დიპლომატის თქმით, სხვადასხვა – შემოთავაზებული გადაწყვეტილება თანაბარი განხილვის საგანი უნდა იყოს და არა – ნაკარნახევი რამდენიმე შერჩეული აქტორის მიერ. აღსანიშნავია, რომ თეთრ სახლში ტრამპისა და ზელენსკის დაძაბულ საუბართან მიმართებით, პეკინმა დუმილი შეინარჩუნა.
მოგვიანებით, ჩინეთის საგარეო მინისტრმა, 7 მარტს განაცხადა, რომ ჩინეთი მზადაა, განაგრძოს კონსტრუქციული როლის შესრულება „კრიზისის საბოლოო გადაწყვეტასა და ხანგრძლივი მშვიდობის განხორციელებაში.“
მან რუსეთ-უკრაინის ომზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ჩინეთს სურს “სამართლიანი, ხანგრძლივი და შესასრულებლად აუცილებელი სამშვიდობო შეთანხმება”, რომელიც მისაღები იქნება ყველა მხარისთვის. „ჩინეთი მზადაა, განაგრძოს კონსტრუქციული როლის შესრულება კრიზისის საბოლოო გადაწყვეტასა და ხანგრძლივი მშვიდობის განხორციელებაში, დაინტერესებული მხარეების სურვილის შესაბამისად, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად,“ – აღნიშნა ვან იმ.
რაც შეეხება „სავაჭრო ომს“ მისი შეფასებით, პეკინი მტკიცედ დაუპირისპირდება აშშ-ის ზეწოლას ტარიფებსა და ფენტანილის საკითხზე. ვან იმ განაცხადა, რომ დიდმა სახელმწიფოებმა არ უნდა „დააბულინგონ“ სუსტები. „ვერცერთი ქვეყანა ვერ შეძლებს, თან ზეწოლა განახორციელოს ჩინეთზე და თან კარგი ურთიერთობების განავითაროს მასთან. ასეთი „ორპირული“ მიდგომა ხელს არ უწყობს სტაბილურ კავშირებს,“ – აღნიშნა ვან იმ, როდესაც უპასუხა შეკითხვას, როგორი ურთიერთობა ექნება ჩინეთს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან.
ჩინეთის პოზიცია რუსეთ-უკრაინის ომზე
2023 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავზე, ჩინეთმა გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელსაც უკრაინაში კონფლიქტის პოლიტიკური გზებით მოგვარების საფუძვლად მიიჩნევდა.
უკრაინამ და მისმა დასავლელმა მოკავშირეებმა განაცხადეს, რომ პეკინის გეგმა არ მოიცავს რეალურ წინადადებებს მშვიდობის დასამყარებლად.
„უკრაინის კრიზისის“ მოგვარების პოლიტიკური გზების მოსაძიებლად ჩინეთის მთავრობამ სპეციალური წარმომადგენელიც გაგზავნა რუსეთში, უკრაინასა და ევროკავშირში.
პეკინს ოფიციალურად არ დაუგმია რუსეთის ქმედებები და ომისთვის არც შეჭრა უწოდებია. ბაიდენის ადმინისტრაციამ ჩინეთის მთავრობა დაადანაშაულა უკრაინაში რუსეთის შეჭრისთვის მნიშვნელოვანი, პირდაპირი და მატერიალური დახმარების გაწევაში.
პეკინი აცხადებდა, რომ იარაღს არცერთ მხარეს არ მიაწვდიდა, თუმცა პეკინი ასევე აგრძელებდა ურთიერთობების გაღრმავებას და გაფართოებას მოსკოვთან. მან რუსეთთან რეკორდულ დონემდე გაზარდა სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობა. 2024 წლის ივნისში სი ძინპინმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უმასპინძლა და დეტალების დაკონკრეტების გარეშე განაცხადა, რომ პეკინი და მოსკოვი შეთანხმდნენ, რომ რუსეთ-უკრაინის ომის „პოლიტიკური გადაწყვეტა“ უნდა მოხდეს.
ჩინეთს დასავლეთი ხშირად მოუწოდებდა, რომ გამოეყენებინა თავისი გავლენა მოსკოვზე ზეწოლისთვის, რათა რუსეთს უკრაინაში ომი დაესრულებინა.