რას ფიქრობენ საქართველოში გენდერულ თანასწორობაზე

ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობაში იზრდება აზრთა მრავალფეროვნება გენდერული როლების შესახებ ოჯახსა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

კვლევის მიგნებები

ზრუნვისა და საოჯახო შრომა:

კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოში ზრუნვისა და საოჯახო შრომა კვლავ გენდერული ნიშნით ნაწილდება, ხოლო ბავშვების მოვლა, საჭმლის კეთება და სახლის დალაგება უმეტესწილად ქალის მოვალეობად მიიჩნევა. 10-დან 6 ქალი ამბობს, რომ ბავშვის მოვლა ძირითადად მათი მოვალეობაა, რასაც კაცების ნახევარი ადასტურებს. მეორე მხრივ, ქალებისა და კაცების დაახლოებით 40% ამბობს, რომ  ბავშვზე ზრუნვის საკითხები პარტნიორებს შორის განაწილებულია.

გამოკითხულთა უმრავლესობა – ქალების 77% და კაცების 85% – ამბობს, რომ კმაყოფილია პარტნიორებს შორის მოვალეობების არსებული განაწილებით. ეს მონაცემი ოდნავ გაზრდილია 2019 წლის შემდეგ, როდესაც აღნიშნულ მოსაზრებას ქალების 73% და კაცების 78% იზიარებდა.

კაცების უმრავლესობა (69%) და ქალების მნიშვნელოვანი ნაწილი (47%) მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას ბოლო სიტყვა კაცს უნდა ეკუთვნოდეს, ხოლო ქალი ამ გადაწყვეტილებას ეჭვქვეშ არ უნდა აყენებდეს. 2019 წელს, ამ მოსაზრებას ნაკლებად ეთანხმებოდნენ როგორც კაცები (68%), ისე ქალები (34%).

მემკვიდრეობის განაწილება

2019 წელთან შედარებით, მეტი ქალი და ნაკლები კაცი მიიჩნევს, რომ ოჯახური მემკვიდრეობა ქალებსა და კაცებს შორის თანაბრად უნდა განაწილდეს. 2019 წელს, მშობლების სახლის თანაბრად განაწილებას კაცების 60.6% უჭერდა მხარს, ხოლო 2024 წელს, ეს მონაცემი 51.5%-მდე შემცირდა.

ბიზნესი და ლიდერობა

საქართველოს მოსახლეობის ნახევარს მიაჩნია, რომ ქალს და კაცს თანაბარი წარმატებით შეუძლიათ, მართონ ბიზნესი. გენდერული სხვაობა ამ საკითხშიც შეიმჩნევა, რადგან აღნიშნულ მოსაზრებას 20%-ით მეტი ქალი ემხრობა.

2019 წელთან შედარებით, ქალები ბიზნესში ლიდერობას მეტი თავდაჯერებულობით უყურებენ. 2019 წელს, ქალების 56% თვლიდა, რომ კაცების მსგავსად, შეუძლია წარმატებას მიაღწიოს ბიზნესში, ხოლო 2024 წელს, ეს მონაცემი 62%-მდე გაიზარდა. კაცების შემთხვევაში პირიქით, ამ დებულების მხარდაჭერა 54%-იდან 44%-მდე შემცირდა. ასევე გაიზარდა იმ კაცების რიცხვი, რომლებიც თვლიან, რომ ბიზნესში კაცი უკეთესი ლიდერია.

განსხვავებების მიუხედავად, გამოკითხულთა უმეტესობა – ქალების 60% და კაცების 50% – მიიჩნევს, რომ ქალები და კაცები თანაბარ სირთულეებს აწყდებიან კარიერული ზრდის მხრივ. უმეტესობა ასევე ფიქრობს, რომ სამსახურთან ერთად, ქალის პრიორიტეტები ტრადიციულ საოჯახო საქმიანობასაც უნდა მოიცავდეს.

პოლიტიკური მონაწილეობა

2024 წლის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობაში იცვლება პოლიტიკოს ქალთა მიმართ დამოკიდებულება და ამავდროულად, იზრდება გენდერული საარჩევნო კვოტირების მხარდაჭერა. კაცების შემთხვევაში ეს ტენდენცია განსაკუთრებით თვალსაჩინოა. 2019 წელს, გენდერულ საარჩევნო კვოტირებას კაცების 44.4% უჭერდა მხარს, ხოლო 2024 წელს, ეს მონაცემი თითქმის 10 პუნქტით გაიზარდა და 54.1% შეადგინა.

გამოკითხულთა 62% – ქალების 71.6% და კაცების 51.8% – მხარს უჭერს ქალთა უფრო აქტიურ მონაწილეობას პოლიტიკაში, რადგან ეს ქვეყნისთვის სასიკეთოა. ქალთა შეხედულებები ამ მხრივ არ შეცვლილა 2019 და 2024 წლებს შორის, ხოლო კაცების მხარდაჭერა თითქმის 7 პუნქტით გაიზარდა. 2013 წლის მონაცემებთან შედარებით, ეს ტენდენცია კიდევ უფრო თვალსაჩინოა. თორმეტი წლის წინ, ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობას გამოკითხულთა 50% უჭერდა მხარს – ქალების 56% და კაცების 43%.

თაობებს შორის განსხვავება

ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები მეტად უჭერენ მხარს გენდერულ თანასწორობას, როგორც ოჯახურ, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

18-29 წლის ასაკობრივ ჯგუფში, ქალების მხოლოდ 28.6% და კაცების 49% ეთანხმება დებულებას, რომ ქალის მთავარი მოვალეობა ოჯახზე ზრუნვაა და არა პროფესიული განვითარება. 30-54 წლის ასაკობრივ ჯგუფში ეს მონაცემი უფრო მაღალია: ქალებისთვის 47.7%, კაცებისთვის 65.2%. ხოლო 55 წლის და მეტი ასაკის რესპონდენტებში კიდევ უფრო მაღალი: ქალებისთვის 67.2%, კაცებისთვის 76.7%.

მსგავსი სტატიები

მაკა ბოჭორიშვილი ე.წ. „3+3“ ფორმატზე

ბერლინი შუა დერეფნის სტრატეგიულ ღირებულებაზე მიუთითებს

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *