
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა მაიკლ ო’ფლაერტმა გამოაქვეყნა მემორანდუმი საქართველოში ადამიანის უფლებების მიმართულებით არსებული სიტუაციის შესახებ, რომელშიც მან „გამოხატა შეშფოთება და რეკომენდაციები გასცა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებასთან, სამოქალაქო საზოგადოების დაცვისა და ლგბტი თემის უფლებებთან დაკავშირებით.“
ევროპის საბჭოს განმარტებით, მემორანდუმი უკავშირდება 2025 წლის 21-23 იანვარს კომისრის საქართველოში ვიზიტს, რომელიც განაპირობა ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულმა ქმედებებმა 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში, მათ შორის, ძალის გადამეტებულმა გამოყენებამ მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ.
კომისარი აღნიშნავს, რომ მიუხედავად სარწმუნო ანგარიშებისა, პროტესტის მონაწილეებისა და ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის შესახებ, არ დამდგარა არცერთი სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლის პასუხისმგებლობის საკითხი, სამაგიეროდ, გაძლიერდა პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა.
კომისარი ხაზს უსვამს, რომ პოლიციის ნიღბიანი ოფიცრების შესაბამისი იდენტიფიცირების შეუძლებლობა წარმოადგენს მიმდინარე პრობლემას და დაბრკოლებას ანგარიშვალდებულების ნაწილში.
მისი რეკომენდაციაა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი პროტესტის მონაწილეების მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის შემთხვევების ეფექტურად გამოსაძიებლად, მათ შორის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დამოუკიდებლობისა და ეფექტურობის გაზრდით. ის, ასევე, გასცემს რეკომენდაციას, რომ სამართალდამცავი უწყების ყველა თანამშრომელს მოეთხოვოს განმასხვავებელი საიდენტიფიკაციო ნიშნის ტარება ანგარიშვალდებულების გაზრდისათვის.
კომისარმა, აგრეთვე, შეშფოთება გამოხატა შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებით განხორციელებულ ბოლო დროინდელ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც პროტესტის მონაწილეებს შეუსაბამო შეზღუდვებს უწესებს, ზრდის სამართალდამცველთა უფლებებს და პროტესტთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ ჯარიმებს ამკაცრებს.
ის აღნიშნავს, რომ განხორციელებული ცვლილებებიდან ბევრი არ შეესაბამება კანონიერების პრინციპს, საჭიროებას და პროპორციულობას და მისი რეკომენდაციაა, კანონში შეიტანონ ცვლილებები ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად.
კომისარი შეშფოთებულია იმ ანგარიშების შესახებ, რომელიც ასახავს ჟურნალისტთა საქმიანობაში ჩარევას, მათ შორისაა, შევიწროება, ძალადობა და დაშინება პროტესტების დროს. ჟურნალისტ მზია ამაღლობელის შემთხვევა, რომელიც კომისარმა საპატიმროში მოინახულა, ასახავს დამოუკიდებელ ჟურნალისტიკაში არსებულ ზრდად გამოწვევებს.
”მისი გახანგრძლივებული წინასწარი პატიმრობა გაუმართლებელია,“ – განაცხადა კომისარმა. მისი რეკომენდაციაა, ჟურნალისტებს მიეცეთ თავისუფლად და უსაფრთხოდ მუშაობის შესაძლებლობა, მათ შორის, საჯარო შეკრებების კონტექსტში.
კომისარი, ასევე, გამოხატავს წუხილს სამოქალაქო საზოგადოებისათვის შეზღუდულ სივრცეზე, მათ შორის მწვავე რიტორიკაზე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადამიანის უფლებების დამცველთა მიმართ და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის სიმცირეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესებში.
კომისარი მთელ რიგ რეკომენდაციებს გასცემს სამოქალაქო საზოგადოებისა და ადამიანის უფლებების დამცველთათვის შესაბამისი გარემოს შესაქმნელად, რომელშიც შედის უცხოური გამჭვირვალობის შესახებ კანონის გაუქმება და უზრუნველყოფა, რომ ასოციაციების შესახებ ნებისმიერი კანონი მკაცრად შეესაბამებოდეს საქართველოს ვალდებულებებს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონმდებლობის წინაშე.
კომისარი ასევე „გამოხატავს შეშფოთებას ძალადობისა და დისკრიმინაციის იმ შემთხვევების შესახებ, რომლის წინაშეც დადგა ლგბტი თემი.“
„ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ლგბტი თემის ყოველგვარი სტიგმატიზაცია და უზრუნველყოს შევიწროებისა და ძალადობის ყველა შემთხვევის ეფექტური გამოძიება.“
მისი შეფასებით, „ხელისუფლებამ, ასევე, უნდა გააუქმოს კანონი ‘’ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ’’, რომელიც ქმნის დისკრიმინაციის სამართლებრივ საფუძველს ლგბტი თემის წინააღმდეგ და შეასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები ლგბტი თემის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით.“