
საფრანგეთის ეროვნული ასამბლეა საქართველოს არჩევნებში რუსეთის ჩარევას გმობს.
ამის შესახებ საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატის – ეროვნული ასამბლეის – მიერ მიღებულ რეზოლუციაშია ნათქვამი.
“[ეროვნული ასამბლეა] გმობს ევროკავშირისა და მის სამეზობლოს დემოკრატიულ პროცესებში რუსეთის ჩარევას, კონკრეტულად კი – მოლდოვის, საქართველოსა და რუმინეთის არჩევნებში,” – ნათქვამია რეზოლუციის ერთ-ერთ პუნქტში, რომელიც 12 მარტს საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერების შესახებ მიიღო.
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილი არჩევნებს არ აღიარებს. მისი განცხადებით, არჩევნები ტოტალურად გაყალბდა და ქვეყანაზე რუსული სპეცოპერაცია განხორციელდა.
მეხუთე პრეზიდენტის მიერ 2024 წლის 27 ოქტომბრის საღამოს გაკეთებულ განცხადებას წინ უძღოდა ორბელიანების სასახლეში დახურულ კარს მიღმა გამართული კონსულტაციები ოპოზიციონერ ლიდერებთან.
შეგახსენებთ, გასული წლის ოქტომბერში, Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია ამერიკის დაზვერვის არასაჯარო ცნობებზე დაყრდნობით, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა აშშ-ის დაზვერვის ანგარიში და რეკომენდაციები არჩევნებში რუსეთის ჩარევის მცდელობების შესახებ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ათეულობით (100-ზე მეტს) ქვეყანას გაუზიარა. მეორე დღეს, საქართველოში ამერკის საელჩომ გამოცემა Europetime-ს ოფიციალურად დაუდასტურა, რომ აშშ-ის მთავრობამ “გამოავლინა რუსეთის მცდელობები, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიულ არჩევნებს მთელ მსოფლიოში.”
იგივე დაუდასტურა ოფიციალურად Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა. დემოკრატიის სამიტზე მოწვეული მთავრობებისადმი მიწერილ წერილში “აშშ-მ, თითოეულ ქვეყანას აცნობა თავისი შეფასება იმაზე, ცდილობდა თუ არა რუსეთი, შეემცირებინა საზოგადოების ნდობა მათ ქვეყანაში ჩატარებული საარჩევნო პროცესების მიმართ,” განუცხადეს Europetime-ს საელჩოში.
ინფორმაციისთვის, ამ სამიტს ესწრებოდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. 28 ოქტომბერს, სალომე ზურაბიშვილმა AP-თან ინტერვიუში, რუსეთი საქართველოს არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულა,
ცნობისთვის, კითხვას, სცადა თუ არა რუსეთმა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე გავლენის მოხდება საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის პრესსპიკერმა ნაბილა მასრალიმ განაცხადა, რომ „სამართლიანია იმის თქმა, რომ დიახ, რუსეთმა საქართველოს არჩევნებზე გავლენის მოხდენა სცადა.“