„არ შეიძლება, ფოკუსი დავკარგოთ, აგრესორი არის რუსეთი და მსხვერპლი – უკრაინა“ – ინტერვიუ ენტონი ბლინკენთან

აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ამერიკულ მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა აქტუალურ საკითხებზე, მათ შორის, უკრაინაზე. ბლინკენს ჰკითხეს ამჟამინდელი პრეზიდენტის პოლიტიკასა და ასევე, ტრამპი-ზელენსკის დაძაბულ მოლაპარაკებებზე, რომელიც თეთრ სახლში, საჯაროდ, მედიის წინაშე გაიმართა.

ბლინკენი ხაზს უსვამს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს მკაფიოდ გაერთიანებული ფრონტი და არ შეიძლება, ფოკუსიდან ამოვიღოთ ფუნდამენტური საკითხი: აგრესორი არის რუსეთი და მსხვერპლი არის უკრაინა. ამერიკელი დიპლომატის შეფასებით, სამწუხაროა, რომ ფოკუსი გადატანილია ამ საკითხიდან.

„ჩვენ დიდი ძალისხმევა მოვახმარეთ უკრაინის დაცვას.  სინამდვილეში, ეს არის აგრესია არამხოლოდ უკრაინელების წინააღმდეგ, არამედ, პრინციპების წინააღმდეგ, რომლებიც საფუძვლად უდევს საერთაშორისო სისტემას – ერთ სახელმწიფოს არ აქვს უფლება, ძალით შეცვალოს სხვა ქვეყნის საზღვრები და უკარნახოს, რა უნდა გააკეთოს.  თუ ჩვენ ამას დავუშვებდით, მსოფლიოში ეს სიგნალი იქნებოდა ყველა პოტენციური აგრესორისთვის, რომელიც იტყოდა: „თუ პუტინს შეუძლია, დაუსჯელად გადარჩეს, მეც შემიძლია“. ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენ მტკიცედ დავმდგარიყავით მეტი აგრესიის თავიდან ასაცილებლად და ჩვენ ეს გავაკეთეთ.

საჭიროა, დავრწმუნდეთ, რომ თუ ცეცხლი შეწყდება, უკრაინელებს ჰქონდეთ საშუალება, შეაკავონ მომავალი რუსული აგრესია, რადგან ერთი რამ შემიძლია, დანამდვილებით გითხრათ:

პუტინმა უარი არ თქვა თავის ამბიციებზე, წაშალოს უკრაინა რუკიდან.

ის ხელახლა შეუტევს, თუ ამის შესაძლებლობა მიეცემა, ამიტომ ვსაუბრობთ შეკავების რესურსების აუცილებლობაზე. უკრაინას უნდა ჰქონდეს რეალური დაცვის უნარი.  ეს შეიძლება, გაკეთდეს რამდენიმე გზით – ევროპელები მზად არიან, მათ თქვეს, რომ შეუძლიათ გარკვეული ძალების განლაგება, მაგრამ მათ სჭირდებათ შეერთებული შტატების მხარდაჭერა,“ ამბობს აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი.

ამავე ინტერვიუში ბლინკენმა ისაუბრა იშვიათი მინერალების შეთანხმებაზე და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე ბაიდენის ადმინისტრაციის ბოლო 6 თვის განმავლობაში მუშაობდნენ.

„ჩვენ ვცდილობთ ინვესტიციების ჩადებას უკრაინაში, მათ შორის, ამ სექტორში და ეს სასარგებლო იქნებოდა ჩვენი კომპანიებისთვის, მაგრამ ის, რაც ახლა ვნახეთ: იყო გარიგების პუნქტები, რომლებიც უკრაინის სარაკეტო დაცვას არ უზრუნველყოფდა.“

მსგავსი სტატიები

მაკა ბოჭორიშვილი ე.წ. „3+3“ ფორმატზე

ბერლინი შუა დერეფნის სტრატეგიულ ღირებულებაზე მიუთითებს

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *