
საქართველოს არ აქვს სამხრეთ კავკასიის ე.წ. „3+3“ პლატფორმაში გაწევრიანების გეგმები.
ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე გამართული დისკუსიის დროს განაცხადა.
„საქართველო ამ ფორმატის ნაწილი არ არის. ჩვენ ვთანამშრომლობთ ყველა მეზობელთან, რუსეთის გარდა, და არსებობს მიზეზი, რის გამოც ჩვენ არ შეგვიძლია და არ განვიხილავთ ამ ფორმატში მონაწილეობას,“- განაცხადა ბოჭორიშვილმა რუსული სახელმწიფო მედია TASS-ის ცნობით.
მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის მხოლოდ ერთი ფორმატი აქვს – ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების შესახებ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, რადგან ის კონფლიქტებთან დაკავშირებულ საკითხებზე დისკუსიის საშუალებას იძლევა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს „შესანიშნავი რეგიონული თანამშრომლობა აქვს სხვა მეზობლებთან – სომხეთთან, აზერბაიჯანთან და თურქეთთან“ და ქვეყანა მზადაა, გააღრმაოს პარტნიორობა რეგიონში, მაგრამ არა „3+3“ ფორმატში.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი ამბობდა, რომ ამჟამად არ ჩანს გარემოებები, რომლებიც გაამართლებს საქართველოს ჩართულობას 3+3 ფორმატში, თუმცა სამომავლოდ ამას არ გამორიცხავს.
აშშ რუსეთს და ირანს არასანდო პარტნიორებად მიიჩნევს.
19 თებერვალს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კვლავ განაცხადა, რომ 3+3 ფორმატის კარი საქართველოსთვის ღიაა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მსგავსი განცხადება გააკეთა 2025 წლის იანვარსა და 2024 წლის ოქტომბერშიც.
2024 წლის 29 სექტემბერს ლავროვმა განაცხადა, რომ „მოსკოვი მზად არის, აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთს და საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზებაში დაეხმაროს.“
მოგვიანებით, საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო „საგარეო საქმეთა მინისტრებთან“ შეხვედრაზე მან განაცხადა, რომ „2008 წლის გადაწყვეტილებები გადახედვას არ ექვემდებარება.“
ცნობისთვის, მთიან ყარაბაღში კონფლიქტის განახლებისა და ახალი ზავის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ექვსეულის პლატფორმის შექმნის ინიციატივის შესახებ განაცხადა, რომელსაც მხარი აზერბაიჯანმა და ირანმა დაუჭირეს. თბილისის შეფასებით, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პირობებში, „3+3“ ფორმატში საქართველოს ჩართვა შეუძლებელია. ის ვერ მიიღებს მონაწილეობას რუსეთთან გეოპოლიტიკურ პროექტში.
შეგახსენებთ, ევროკავშირი სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას აღმოსავლეთ პარტნიორობის მეშვეობით უჭერს მხარს.
ბაიდენის ადმინისტრაციის შეფასებით კი, ვიდრე რაიმე ფორმატზე დაიწყებდა საუბარს, რუსეთმა თავისი ძალები უნდა გაიყვანოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის იმჟამინდელმა მდივანმა, ლოიდ ოსტინმა რუსეთს საქართველოდან შეახსენა. თურქეთს სურს, რომ საქართველო იყოს წარმოდგენილი 3+3“ პლატფორმაში, მაგრამ ანკარის შეფასებით, „ეს დამოკიდებულია საქართველოს მთავრობისა და ხალხის სურვილზე.“