
რუსეთი აგრძელებს საზღვაო ბაზის მშენებლობას მის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირეში.
ამის შესახებ შვეიცარიული გაზეთი Neue Zürcher Zeitung წერს, რომელმაც ოჩამჩირის სატელიტური სურათები გამოაქვეყნა.
არსებული პორტის გაფართოების სამუშაო 2024 წლის ივლისის სურათებში გამოჩნდა. უკვე აგვისტოში ისინი უფრო მასშტაბური გახდა და მნიშვნელოვანი ცვლილებებიც შეინიშნებოდა, მათ შორის შენობებისა და ინფრასტრუქტურის გაფართოების მხრივ. 2025 წლის იანვრის სატელიტური სურათები გვიჩვენებს პორტის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში დაახლოებით 100 მეტრის სიგრძის ახალ ნაგებობას, ასევე გათხრების აქტიურ სამუშაოს.
როგორც NZZ აღნიშნავს, ოჩამჩირის პორტი შედარებით მცირეა და არც ისე ღრმაა. უცნობია, შეძლებენ თუ არა სამხედრო გემები იქ შესვლას.
“ოჩამჩირის პორტი ასევე უფრო მცირე იქნება, ვიდრე რუსეთის მიერ გამოყენებული სხვა ობიექტები. რუსეთის საზღვაო ძალების მთავარი ბაზა ადრე სევასტოპოლში იყო, რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ნახევარკუნძულზე, ყირიმში. თუმცა უკრაინის თავდასხმებმა აიძულა რუსეთი, გადაეტანა გემები სხვა ადგილებში,” – წერს გაზეთი.
სამხედრო ექსპერტმა იური ფეოდოროვმა ინტერნეტ-გადაცემა “The Breakfast Show”-სთან განაცხადა, რომ ამ დროისთვის ოჩამჩირე რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის წინააღმდეგ უკრაინის უპილოტო საბრძოლო კატარღების მოქმედების ზონაში არ შედის და რუსულ გემებს იქ შედარებით უსაფრთხოდ შეუძლიათ ბაზირება და საბრძოლო ამოცანებისთვის ზღვაში მოქმედება.
- „ერთადერთი საბრძოლო მისია, რომლის შესრულებაც ამჟამად რუსეთის შავი ზღვის ფლოტს შეუძლია, უკრაინაზე „კალიბრებითა“ და საზღვაო ფრთოსანი რაკეტებით შეტევებია. რამდენადაც მესმის, უკრაინის შეიარაღებული ძალები ცდილობს, შეამციროს ასეთი თავდასხმების რაოდენობა, რისთვისაც უპილოტო კატარღებს იყენებენ. რუს მეზღვაურებს კი სურთ, რომ უსაფრთხო ბაზა ჰქონდეთ და სწორედ ამიტომ აშენებენ ოჩამჩირის პორტს.“
ფედოროვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოჩამჩირის შემთხვევაში საუბარია არა სრულფასოვან საზღვაო ბაზაზე, არამედ, ლოგისტიკური მომსახურების პუნქტზე.
„იქ არის ყურე, რომელიც საკმაოდ მოსახერხებელია პატარა სამხედრო გემებისთვის… პრინციპში, იქ შეიძლება იყოს კორვეტების მსგავსი გემები“. იქ დასახლდებიან, გუნდს შეუძლია, დაისვენოს, საწვავი შეავსოს, მცირე რემონტი ჩაატაროს და ა.შ.“ – ამბობს ფედოროვი.
შეგახსენებთ, რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ სცნო აფხაზეთისა და კიდევ ერთი საქართველოს რეგიონის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. საერთაშორისო თანამეგობრობა მათ საქართველოს განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს.
ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირის რაიონში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ახალი მუდმივი ბაზის გახსნა იგეგმება. შესაბამისი ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთის იმჟამინდელმა ე.წ. „ლიდერმა“ ასლან ბჟანიამ 2023 წლის 5 ოქტომბერს გაავრცელა. იმავე წლის ოქტომბერში ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი (ISW) სატელიტურ გამოსახულებებზე დაყრდნობით წერდა, რომ ოკუპირებული ოჩამჩირის პორტს შეზღუდული ინფრასტრუქტურა აქვს, ქვიშიანი სანაპირო ზოლი „დიდწილად არახელსაყრელია სამხედრო-საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის,“ თუმცა “რუსეთისთვის შესაძლებელია ინფრასტრუქტურის გაფართოება და ოჩამჩირის პორტის დამატებით ბაზად გამოყენება სამომავლოდ.“
ამ საკითხზე ოპოზიციაში განსხვავებული აზრია. ხელისუფლების ოპონენტები გამოთქვამდნენ შიშს, რომ ბაზის გამო საქართველო შეიძლება, ჩაითრიონ რუსეთის მიერ წარმოებულ ომში უკრაინის წინააღმდეგ. მათ ასევე მიუთითეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის რისკებზე. შავი ზღვის სოფელი, რომლის გადაქცევაც რეგიონის მთავარ სავაჭრო-ლოგისტიკურ კერად იგეგმება, ოჩამჩირიდან მხოლოდ 35 კმ-ში მდებარეობს.