რაზე შეუთანხმდა აშშ რუსეთსა და უკრაინას

24 მარტს რიადში გაიმართა რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებები. შეხვედრა 12 საათს გაგრძელდა.

თეთრმა სახლმა განცხადებით, შეერთებული შტატები და რუსეთი შეთანხმდნენ უსაფრთხო ნავიგაციის უზრუნველყოფაზე, ძალის გამოყენების აღმოფხვრაზე და შავ ზღვაში კომერციული გემების სამხედრო მიზნებისთვის გამოყენების აღკვეთაზე.

შეერთებული შტატები ასევე აპირებს, დაეხმაროს რუსეთს, აღადგინოს მსოფლიო ბაზარზე წვდომა სოფლის მეურნეობისა და სასუქების ექსპორტისთვის, შეამციროს საზღვაო დაზღვევის ღირებულება და პორტებსა და გადახდის სისტემებზე წვდომა გააუმჯობესოს ასეთი ოპერაციებისთვის.

შეერთებული შტატები და რუსეთი აპირებენ, შეიმუშაონ ზომები პრეზიდენტ ტრამპსა და პრეზიდენტ პუტინს შორის შეთანხმების განსახორციელებლად, რომელიც რუსეთსა და უკრაინაში ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების აკრძალვას ეხება.

თეთრმა სახლმა მსგავსი განცხადება გაავრცელა ამერიკისა და უკრაინის დელეგაციების შეხვედრის შემდეგაც, რომელიც ასევე რიადში შედგა სამშაბათს.

აღნიშნულია, რომ შეერთებული შტატები რჩება სამხედრო ტყვეების გაცვლის ხელშეწყობის, დაკავებული მშვიდობიანი მოსახლეობის გათავისუფლებისა და იძულებით გადაადგილებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნების ერთგული. ვაშინგტონი ასევე მიესალმება მესამე ქვეყნების შუამავლობას ენერგეტიკისა და საზღვაო ხელშეკრულებების განსახორციელებლად.

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა სამშაბათს დაადასტურა, რომ კიევი შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა იმის სანაცვლოდ, რომ რუსეთი და უკრაინა თავს შეიკავებენ ერთმანეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმებისგან. უმეროვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კიევი შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაწილს მიღმა რუსეთის სამხედრო გემების მოძრაობას განიხილავს, როგორც ამ შეთანხმების სულისკვეთების დარღვევას.

„ამერიკის მხარეს ცალკე გადავეცით იმ ობიექტების სია, რომლებიც მიგვაჩნია სტრატეგიულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებად,“ – განაცხადა დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების კომენტირებისას. ის ასევე გამოვიდა რუსეთის მიმართ ეკონომიკური სანქციების შემსუბუქების წინააღმდეგ.

კრემლი ამბობს, რომ შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყება, რაც „როსსელხოზბანკსა“ და რუსეთის სურსათისა და სასუქების მწარმოებლებს სანქციები მოიხსნებათ.

ტრამპის განცხადებით, განიხილავენ რუსეთის პირობებს შავ ზღვაში ცეცხლის შესაწყვეტად. მან 25 მარტს თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 5-6 პირობაა და ყველას განიხილავენ.

25 მარტს, ღამით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა შეთანხმებით მანიპულირება დაიწყო და ფაქტობრივად, ცდილობს შუამავლების და მთელი მსოფლიოს მოტყუებას.

უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მოსკოვი ყოველთვის იტყუება და ახლა მსოფლიოზე, მშვიდობის რეალურად მსურველებზეა დამოკიდებული, ისევ მისცემენ თუ არა რუსეთს მოტყუების შესაძლებლობას.

მსგავსი სტატიები

მაკა ბოჭორიშვილი ე.წ. „3+3“ ფორმატზე

ბერლინი შუა დერეფნის სტრატეგიულ ღირებულებაზე მიუთითებს

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *