რა ეტაპზეა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტთან დაკავშირებული სამუშაო

რა ეტაპზეა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტთან დაკავშირებული სამუშაო – ამ შეკითხვას უპასუხა აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროსთან არსებული განახლებადი ენერგიის წყაროების სახელმწიფო სააგენტოს დირექტორმა ჯავიდ აბდულაევმა და ხაზი გაუსვა, რომ „პროექტი, რომელშიც აზერბაიჯანი მონაწილეობს, არის ფართომასშტაბიანი ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს მწვანე ენერგიის წარმოებას და ექსპორტს, რომელიც აკავშირებს კასპიის ზღვას, შავ ზღვას და ევროპას. პროექტის ნაწილს ეწოდება Black Sea Energy პროექტი, რომელიც ვრცელდება რუმინეთსა და საქართველოს შორის.

თუმცა, პროექტი, რომელზეც აზერბაიჯანი მუშაობს, უფრო ფართოა და მოიცავს მწვანე ენერგიის გადაცემას აზერბაიჯანიდან ევროპაში.“ „გასული წლის განმავლობაში ამ სფეროში მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული. ერთობლივი საწარმო უკვე შეიქმნა. ამ ერთობლივი საწარმოს საწყისი ხელმძღვანელობა როტაციის წესით აზერბაიჯანს დაევალა და მენეჯერები უკვე დაინიშნენ. ამჟამად, კომპანიის დამფუძნებელი დოკუმენტაციის დასრულება მიმდინარეობს და საწარმო მუშაობას უახლოეს დღეებში დაიწყებს. ამავდროულად, პროექტზე ტექნიკური და ანალიტიკური სამუშაო სწრაფად გრძელდება. იტალიის კომპანია CESI მუშაობს პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების შესწავლაზე და სავარაუდოდ, დოკუმენტი მალე იქნება მზად. ამ კვლევის დასრულების შემდეგ, მხარეებს შეეძლებათ, გადავიდნენ შემდეგ ეტაპზე და მიაღწიონ მნიშვნელოვან პროგრესს ინტერკონექტორის პროექტში,“ აღნიშნა აბდულაევმა.

ინფორმაციისთვის, 2022 წლის 17 დეკემბერს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთის და უნგრეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას, მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ. პროექტით, აზერბაიჯანული მწვანე ენერგია გაივლის საქართველოს, შავ ზღვასა და რუმინეთს და გაიყიდება უნგრეთში. შეთანხმების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს სწორედ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წარმოადგენდა – განხორციელების შემთხვევაში ის ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგეტიკის სექტორის განვითარებას, გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს და ორმხრივი ვაჭრობის პოტენციალს ევროკავშირსა და სამხრეთს კავკასიის რეგიონს შორის, რაც თავის მხრივ, რეგიონების სტაბილურ და საიმედო ენერგეტიკულ მომავალს უზრუნველყოფს.

მსგავსი სტატიები

მაკა ბოჭორიშვილი ე.წ. „3+3“ ფორმატზე

ბერლინი შუა დერეფნის სტრატეგიულ ღირებულებაზე მიუთითებს

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *