ჩინეთმა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ერთ-ერთ სადავო ქვიშის კუნძულზე კონტროლი დაამყარა – სახელმწიფო მედია

ჩინეთმა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, ფილიპინების უმნიშვნელოვანესი სამხედრო პუნქტიდან სულ რაღაც, რამდენიმე კილომეტრში მდებარე სადავო ქვიშის კუნძულზე კონტროლი დაამყარა.  Financial Times-ი წერს, რომ ამ ფაქტმა ახალი დაპირისპირების რისკი გაზარდა. ამასთან, ბოლო წლებში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც პეკინმა, რომელიც სუვერენიტეტს თითქმის მთელ სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე აცხადებს, აქამდე დაუსახლებელ მიწის ნაწილზე ჩინური დროშა ოფიციალურად აღმართა.

ჩინეთს სახელმწიფო მედია CCTV-ის ცნობით, სანაპირო დაცვის ოფიცრებმა გაშალეს ჩინეთის დროშა, რათა გამოეცხადებინათ სუვერენიტეტი სენდი ქის კუნძულზე, რომელიც სპრატლის კუნძულების არქიპელაგში შედის.

მიუხედავად იმისა, რომ სენდი ქი მხოლოდ დაახლოებით 200 კვადრატული მეტრის ზომის ქვიშიანი კუნძულია, მას ჩინეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგან საერთაშორისო სამართალი მას კუნძულის გარშემო 12 საზღვაო მილის რადიუსის კონტროლის უფლებას ანიჭებს. ამ რადიუსში ექცევა ფილიპინების მიერ კონტროლირებული თიტუს კუნძული, საიდანაც ფილიპინები რეგიონში ჩინეთის გადაადგილებებს აკვირდებიან.

ჯერჯერობით არ არსებობს რაიმე ნიშანი, რომ ჩინეთი სენდი ქიზე მუდმივ განლაგებას აპირებს ან რაიმე მშენებლობას წამოიწყებს. 26 აპრილს, ფილიპინელმა საზღვაო უსაფრთხოების ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ დროშის აღმართვის შემდეგ, ჩინეთის სანაპირო დაცვა ტერიტორიიდან წავიდა.

ცნობისთვის, ფილიპინები და აშშ ყველაზე მასშტაბურ ყოველწლიურ სამხედრო წვრთნებს, Balikatan-ს ატარებენ, რომლებიც სანაპირო დაცვისა და კუნძულების დაკავების სწავლებებს მოიცავს. წვრთნები ფილიპინების იმ ტერიტორიაზე გაიმართება, რომელიც სპრატლის კუნძულებთან ყველაზე ახლოს მდებარეობს.

თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ჩინეთის მიერ სენდი ქის დაკავების შესახებ ინფორმაცია „ღრმად შემაშფოთებელია, თუ სიმართლეა.“

„ასეთი ქმედებები საფრთხეს უქმნის რეგიონულ სტაბილურობას და არღვევს საერთაშორისო სამართალს,“- აღნიშნა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა ჯეიმს ჰიუიტმა.

„ჩვენ მჭიდრო კონსულტაციებს ვაწარმოებთ ჩვენს პარტნიორებთან და ერთგულნი ვრჩებით თავისუფალი და ღია ინდო-წყნარი ოკეანის მიმართ.“

 

მსგავსი სტატიები

მაკა ბოჭორიშვილი ე.წ. „3+3“ ფორმატზე

ბერლინი შუა დერეფნის სტრატეგიულ ღირებულებაზე მიუთითებს

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *